ახალი ამბები

ყაზბეგის საკრებულოსთან ცდოში გადამცემი ხაზების მშენებლობას გააპროტესტებენ

19 აპრილი, 2016 • 1990
ყაზბეგის საკრებულოსთან ცდოში გადამცემი ხაზების მშენებლობას გააპროტესტებენ

20 აპრილს, 13:00 საათზე, დაბა ყაზბეგის საკრებულოს შენობის წინ გაიმართება  აქცია  სოფელ ცდოში გადამცემი ხაზების მშენებლობის შეჩერების მოთხოვნით.

სტუდენტური მოძრაობა “მწვანე მუშტის” ორგანიზებით, მიკროავტობუსი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსიდან ყაზბეგის მიმართულებით  09:00-ზე გავა. საპროტესტო აქციას თბილისიდან სხვა გარემოსდაცვითი მოძრაობებიც შეუერთდებიან.

“რამდენიმე დღეა ყაზბეგის რაიონში ცდოს მოსახელობა ეწინააღმდეგება კომპანია “დარიალენერჯის” “საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას” (“სსე”) და შპს ”ენერგოტრანსის” მიერ სოფლის ტერიტორიაზე უკანონოდ მშენებარე 110 კვ-იანი გადამცემი ხაზის (220 კვ-ან გაბარიტებში) ეგრეთ წოდებულ რეკონსტრუქციასა და ახალი მაღალი ძაბვის 500 კვ-იანი გადამცემი ხაზის მშენებლობას. მშენებლობის პროცესს აგრეთვე უკანონოდ ლობირებდა ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ილია ელოშვილი. გუშინ დააკავეს ადგილობრივი აქტივისტი ზაზა წიკლაური, დღეს ბრალდების შესწავლის მიზნით მოსამართლემ შუამდგომლობა დააკმაყოფილა, სამი დღით გადადო სასამართლო პროცესი და დარბაზიდან გაანთავისუფლა ზაზა წიკლაური. მიუხედავად ამისა, ბრძოლა გრძელდება.”

სოფელ ცდოში “დარიალი-სტეფანწმინდის” 220-მეგავატიანი ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობას ადგილობრივები ეწინააღმდეგებიან. ისინი პროექტის ალტენატიული ვარიანტის მიხედვით განხორიცელებას მოითხოვენ. როგორც ცდოს მოსახლეობა აცხადებს, გადამცემი ხაზის სოფლის ტერიტორიაზე გატარება “შეზღუდავს სოფლის განვითარებას”.

ადგილობრივები მოითხოვენ, რომ გამგეობამ გაუუქმოს კომპანიას ნებართვა და შეისწავლონ მოსახლეობის მიერ შეთავაზებული ალტერნატივა, რაც სოფელს აარიდებს მის სამოსახლო ტერიტორიაზე მაღალი ძაბვის გადამცემ ხაზებს.

ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე, ილია ელოშვილი ნეტგაზეთთან ამბობს, რომ სოფელ ცდოში ელექტროგადამცემი ხაზების შემოვლითი გზით გაყვანა გაუმართლებელია და სოფლის ფერდობზე ელექტროგადამცემი ხაზის ოთხი ბოძის დადგმა მოსახლეობას არ აზიანებს. მისი თქმით, 4 ბოძი, რომელიც სოფელ ცდოსთან ელექტროგადამცემი ხაზების გასაყვანად უნდა გამოიყენონ, საცხოვრებელი ადგილიდან მოშორებულია და მოსახლეობას პრობლემას არ შეუქმნის.

“დარიალი-სტეფანწმინდას” ელექტროგადამცემი ხაზის სარემონტო სამუშაოებს საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა აწარმოებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი