ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

მოსკოვი თბილისში მყოფ რუსებს მოუწოდებს, “თავი აარიდონ ხალხმრავალ ადგილებს”

29 ნოემბერი, 2024 •
მოსკოვი თბილისში მყოფ რუსებს მოუწოდებს, “თავი აარიდონ ხალხმრავალ ადგილებს”

თბილისში შვეიცარიის საელჩოს რუსეთის ფედერაციის ინტერესების განყოფილება მოუწოდებს რუსეთის მოქალაქეებს, “დროებით მოერიდონ ხალხმრავალ ადგილებს საქართველოს დედაქალაქში ანტისამთავრობო აქციების გამო”. ამის შესახებ მისიის განცხადებაშია ნათქვამი.

“თბილისში მიმდინარე ქუჩის საპროტესტო აქტივობის მზარდ კონტექსტში, საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრებ რუსეთის მოქალაქეებს გირჩევთ, დაიცვათ უსაფრთხოების ყველა აუცილებელი ზომა და, თუკიშესაძლებელია, თავი შეიკავოთ ხალხმრავალ ადგილებში ყოფნისაგან, ასევე არ მიიღოთ მონაწილეობა პოლიტიკური ხასიათის ნებისმიერი ქმედებაში” ,- ნათქვამია განცხადებაში.


გუშინ, 28 ნოემბრის 7 საათიდან საქართველოს მოქალაქეები აპროტესტებენ მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერების შესახებ.

სპეცრაზმი ღამით და გამთენიისას ფიზიკურად გაუსწორდა არაერთ მომიტინგეს, მათ შორის, უფლებადამცველ ნიკა რომანაძეს. ჯანდაცვის სამინისტროში ნეტგაზეთს უთხრეს, რომ უშუალოდ სასწრაფოს მიერ გადაყვანილი ადამიანების რაოდენობა 33-ია. მათ შორის- 13 მომიტინგეა, მედიასაშუალებების 4 თანამშრომელი და შსს-ს 16 თანამშრომელი.

უწყებაში ამბობენ, რომ მათგან ყველას მდგომარეობა სტაბილურია და უმეტესობამ კლინიკები უკვე დატოვა. უცნობია სამკურნალო დაწესებულებებში თვითდინებით მისული მომიტინგეების რაოდენობა.

ღამით დაკავებულია 43 ადამიანი, საპროტესტო აქციებისას დაკავებულ ადამიანებს ბრალი წარდგენილი აქვთ ტრადიციული მუხლებით, რომელიც პოლიციელის კანონიერი მოთხოვნებისადმი დაუმორჩილებლობასა და წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი