ახალი ამბები

საგარეო უწყებაში ვიზის ლიბერალიზაციის პროცესში დამატებითი პირობის ჩადების ფაქტს არ ადასტურებენ

18 აპრილი, 2016 • 1373
საგარეო უწყებაში ვიზის ლიბერალიზაციის პროცესში დამატებითი პირობის ჩადების ფაქტს არ ადასტურებენ

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ გერმანული Die Welt-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომელიც ვიზის ლიბერალიზაციის პროცესს ეხება, ევროკავშირის ინსტიტუციებისგან არავითარი ოფიციალური შეტყობინება არ მიუღიათ.

გერმანულმა გაზეთმა ანონიმურ დიპლომატიურ წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია იმის, შესახებ, რომ შესაძლოა თურქეთს, საქართველოს, უკრაინას სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესში დამატებითი მოთხოვნა წაუყენონ დევნილების თემაზე.

“ჩვენთვის ამ ინფორმაციის შესახებ ოფიციალურად ცნობილი არაფერია. დამატებითი მოხოვნების შესახებ საქართველოს შეტყობინება მიღებული არ აქვს. შესაბამისად, საქართველო გააგრძელებს უკვე დაწყებულ პროცესს, რაც გულისხმობს პროცედურული საკითხის განხილვას პარლამენტში და ევროკაშირის საბჭოში”, – თქვა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიგი გიგიაძემ.

გერმანული გაზეთი წერს, რომ ახალი პირობის თანახმად, ევროკავშირს შეეძლება მესამე ქვეყნებთან უვიზო რეჟიმზე გაფორმებული ხელშეკრულების გაუქმება, თუ ისინი დევნილების საკითხზე ახალ ვალდებულებებს არ შეასრულებენ. სტატიის მიხედვით ნათელი არ არის, კონკრეტულად რა სახის ვალდებულებაზე შეიძლება იყოს საუბარი საქართველოსთან დაკავშირებით. სტატიაში აღნიშნულია, რომ თურქეთის შემთხვევაში ლაპარაკია დევნილების სათანადო დაცვასა და საბერძნეთიდან დევნილების დაბრუნებაზე.

მესამე ქვეყნების მიმართ მიღებული უვიზო რეჟიმის გაუქმების სამართლებრივი ბერკეტი ევროკავშირს ისედაც აქვს. 2013 წელს ევროკავშირის სტრუქტურებმა დაამტკიცა მექანიზმი, რომელიც ევროკავშირს სხვა ქვეყნებთან უკვე მიღებული უვიზო რეჟიმის გაუქმების საშუალებას აძლევს, თუმცა ის პრაქტიკაში დღემდე არ განხორციელებულა. თავის დროზე ამგვარი ბერკეტის შემუშავების მიზეზი დასავლეთ ბალკანეთის გამოცდილება იყო, საიდანაც უვიზო რეჟიმის შემოღების შემდეგ ევროკავშირში უკანონო შრომითი მიგრაცია მნიშვნელოვნად გაიზარდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი