საზოგადოება

გაზრდის თუ არა უვიზო მიმოსვლა უკანონო მიგრაციასა და თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვს

9 აპრილი, 2015 •
გაზრდის თუ არა უვიზო მიმოსვლა უკანონო მიგრაციასა და თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვს

იმისათვის, რომ საქართველოს რიგითმა მოქალაქემ დღეს ევროკავშირში, კერძოდ შენგენის ზონაში იმოგზაუროს, ვიზა ესაჭიროება, რომლის მიღებაც გარკვეულ პროცედურებთანაა დაკავშირებული. სავიზო მოსაკრებლის ფასი 35 ევროა. თუ ვიზის აღება საკონსულოებში რიგში დგომის გარეშე, სერვისცენტრების დახმარებით გსურთ, ამისათვის დამატებით, დაახლოებით კიდევ 30 ევროს გადახდა მოგიწევთ. ვიზის მიღების პროცედურა დაკავშირებულია დროსთან (შესაძლოა რამდენიმე კვირა), ასევე, დოკუმენტაციის შეგროვებასთან, ვიზიტის მიზნების დასაბუთებასთან და ასე შემდეგ. იმ შემთხვევაში, თუ ევროკავშირთან სავიზო რეჟიმი გაუქმდება, რასაც ვიზალიბერალიზაციის პროცესი ითვალისწინებს, საქართველოს მოქალაქეებს მარტივად შეეძლებათ ევროკავშირის წევრ ქვეყნებში შესვლა (გარდა ბრიტანეთისა), თუმცა ადამიანების მოტივაცია შესაძლოა განსხვავებული იყოს: ერთს ტურისტული მიზნით სურდეს ევროპაში წასვლა, ხოლო მეორეს – იქ დამკვიდრება და საქართველოსთან შედარებით მაღალანაზღაურებად სამსახურში დასაქმება. ასევე, საკმაოდ პოპულარულია თავშესაფრის კომპონენტი, როდესაც ამა თუ იმ ქვეყნის მოქალაქე ევროკავშირში ჩადის და აცხადებს, რომ საკუთარ ქვეყანაში დისკრიმინაციის მსხვერპლია. ფაქტის დადასტურების შემთხვევაში მას მიმღები ქვეყანა ეხმარება და მისი ინტეგრაციის პროცესს იწყებს.

იმას, რომ სავიზო რეჟიმის გაუქმების პირობებში საქართველოდან შრომითი უკანონო მიგრაციული ნაკადების და თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობის გაზრდის რისკებზე ევროსტრუქტურებში უკვე ფიქრობენ და ქართულ მხარეს ესაუბრებიან, ქართველი დიპლომატებიც ადასტურებენ, თუმცა, ჯერ არაოფიციალურ დისკუსიებში.

ფონდი ღია საზოგადოება – საქართველოს კვლევით, საქართველო 2013 წელს აღმოსავლეთ პარტნიორობის ყველა ქვეყანას უსწრებდა ევროკავშირში თავშესაფრის მაძიებლების რაოდენობის მიხედვით: 9110-მა ადამიანმა მიმართა ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყანას თავშესაფრის მოთხოვნით. აქედან 8020 ახალი განაცხადი იყო, ხოლო 1190 აპლიკანტს მანამდეც ჰქონდა განაცხადი შეტანილი და 2013 წელს განმეორებით მოითხოვა თავშესაფრის სტატუსი. განცხადებების მხოლოდ 5 პროცენტი დაკმაყოფილდა. 2014 წელს ეს რიცხვი შედარებით შემცირდა – 8555 აპლიკანტი, რომლის 50 პროცენტი 18-34 წლის ადამიანიებზე მოდის. როგორც 2013, ასევე 2014 წელს საქართველო თავშესაფრების მაძიბელების რაოდენობის მიხედვით შედგენილი EU-ს “რეიტინგის” ოცეულშია.

უვიზო რეჟიმის დაწესების პირობებში პარტნიორი ქვეყნიდან არალეგალი შრომითი მიგრანტებისა და თავშესაფრის მაძიებლების მნიშვნელოვნად ზრდის გამოცდილება ევროკავშირში არსებობს დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებიდან. მოყოლებული 2010 წლიდან, მას შემდეგ, რაც დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებთან ევროკავშირმა უვიზო რეჟიმი შემოიღო, EURACTIV-ის ცნობით, სერბეთის, კოსოვოსა და მაკედონიის მოქალაქეები ევროკავშირის ქვეყნებში მასობრივად ჩავიდნენ თავშესაფრის მისაღებად ეკონომიკური მიზეზებით. იმ პერიოდში შვედეთის შს მინისტრმა განაცხადა, რომ თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი 2 მილიონმოსახლიანი მაკედონიიდან უკიდურესად გაიზარდა და ამ თვალსაზრისით შედგენილი რეიტინგის პირველ ოთხეულში დაიმკვიდრა ადგილი ავღანელი და სომალელი ემიგრანტების გვერდით. გამომძიებელმა ჟურნალისტებმა მაკედონიაში გამოაქვეყნეს მასალები, რომლის მიხედვითაც უვიზო რეჟიმის ამოქმედების შემდეგ ქვეყანაში ყალბი ტურისტული სააგენტოები შეიქმნა, რომლებიც 130 ევროს სანაცვლოდ მაკედონიელებს ბრიუსელში ჩაყვანასა და თავშესაფრის სტატუსს ჰპირდებოდნენ. ამასთან, თავშესაფრის მაძიებელთა მხარდამჭერი ევროპის ოფისის კვლევით, 2012 წელს დასავლეთ ბალკანეთიდან 53 ათასმა ადამიანმა მოითხოვა ევროკავშირში თავშესაფარი, რაც 2011 წლის მონაცემებთან შედარებით 50%-ით მეტი იყო. 2013 წელს ევროპარლამენტმა დაამტკიცა მექანიზმი, რომელიც ევროკავშირს სხვა ქვეყნებთან უკვე მიღებული უვიზო რეჟიმის გაუქმების საშუალებას აძლევს, თუმცა ის პრაქტიკაში დღემდე არ განხორციელებულა.

მარ ჰულსტი, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის პროგრამის კოორდინატორი საქართველოში მიიჩნევს, რომ დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების 2010 წლის სიტუაცია საქართველოს დღევანდელი მდგომარეობიდან დიდად არ განსხვავდება. ამიტომ იგი ფიქრობს, რომ ბალკანეთის მსგავსად არსებობს იმის რისკი, რომ საქართველოდან ევროკავშირის მიმართულებით მიგრანტებისა და თავშესაფრის მაძიებლების რიცხვი გაიაზრდოს. რაც შეეხება მიზეზებს, რის გამოც ადამიანები ქვეყნიდან წასვლას ირჩევენ, ჰულსტი ეკონომიკურ ფაქტორებს ასახელებს და განსაკუთრებით გამოყოფს სოფლის მეურნეობის სფეროში არსებულ სირთულეებს.

“ასევე მცდარი იმედები და არასწორი ინფორმაცია… ჩვენთანაც კითხულობენ ხოლმე, მაგალითად, შვედეთში, თავშესაფარში როგორ მოვხვდეთო და ასე შემდეგ. თუ ვერ გაამართლებს და თავშესაფარს ვერ მიიღებენ, მაინც აქვთ იმედი გარკვეული სოციალური ბენეფიტების, საუბარია ჯიბის ფულზე, თუმცა ეს ძალიან მინიმალური თანხაა, რომლითაც შესაძლოა ქვებიც კი ვერ იყიდოთ. ასევე, არსებობს დროებითი ჰუმანიტარული სტატუსი, რაც განსხვავდება თავშესაფრისაგან, მაგრამ, მაგალითად, სამედიცინო პრობელემების გამო შეიძლება ჰუმანიტარული სტატუსის მიღება, რის შემდეგაც შესაძლოა ბინადრობის ნებართვითაც დაკმაყოფილდნენ. თუ არადა, [შესაძლებელია] ნებაყოფლობით დაბრუნება იგივე ჩვენი ორგანიზაციის დახმარებით და ცდილობენ, რომ ფინანსურად წაგებაში არ დარჩნენ”, – ამბობს ჰულსტი. მისი ორგანიზაციისთვის ცნობილი არ არის, რამდენი ეკონომიკური მიგრანტი ცხოვრობს საქართველოდან ევროკავშირში, რადგან არალეგალები იმალებიან და არ რეგისტრირდებიან.

განსხვავებული მოსაზრება აქვს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს მინისტრ დავით ბაქრაძეს, რომელიც ბათუმელებთან საუბარში რამდენიმე არგუმენტს ასახელებს. პირველი არგუმენტი მოლდოვაა, რომელმაც უკვე მიიღო უვიზო რეჟიმი ევროპისგან, თუმცა თავშესაფრის მაძიებლებისა და არალეგალი მიგრნატების დინამიკა არ გაზრდილა. მეორე არგუმენტი ისრაელია, რომელთანაც საქართველოს უკვე ერთი წლია უვიზო მიმოსვლა აქვს გართულებების გარეშე.

“მე არ მაქვს მოლოდინი [რომ აქედან მასობრივად წავლენ ადამიანები] ევროკავშირში [არალეგალური მიზნებით]. პირველი ეტაპი ძალიან ემოციური, პოზიტიური იქნება გახშირებული ვიზიტებით, მაგრამ არალეგალურ მიგრაციას თვითონ პასუხობს უვიზო რეჟიმი ცივილური ფორმით. ჩვენ ვქმნით მაქსიმალირ ლეგალურ სივრცეს იმისათვის, რომ არალეგალური მიგრაცია დავიყვანოთ მინიმუმადე და ამის შემხვედრი ნაბიჯია ევროკავშირისგან ვიზალიბერალიზაციის პროცესის დაწყება”, – ამბობს მინისტრი.

მისივე თქმით, არალეგალური მიგრაციისა და თავშესაფრის ძიების ერთ-ერთი შემაკავებელი ფაქტორი ეკონომიკური განვითარება იქნება.

“ძალიან მნიშვნელოვანია წინსვლა სოფლის მეურნეობის სფეროში, ამ მიმართულებას ძალიან დიდი ყურადღება ექცევა ჩვენთან, იგივე თანადაფინანსების პროექტი, კოოპერატივების პროექტი, დაზღვევის პროექტები ამუშავდა, ნელ-ნელა იზრდება ცხოვრების დონე. საბერძნეთის მაგალითზე, სადაც ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი გვაქვს არალეგალების კუთხით, პირიქით მცირდება. მე ამ თანამდებობაზე დანიშვნამდე საბერძენთში ვიყავი ელჩი და მაქვს განცდა, რომ იქიდან უფრო მეტი ადამიანი დაბრუნდება საქართველოში… განსაკუთრებით ის ხალხი, რომლებიც წლების განმავლობაში გაურკვევლობაში იყვნენ… რომ ჩამოსულიყვნენ, შემდეგ უკან შეძლებდნენ თუ არა წასვლას, არ იცოდნენ. ჩემი აზრით, ისინი დაბრუნდებიან, რადგანაც ეს თავისუფლება ექნებათ”, – ამბობს მინისტრი “ბათუმელებთან” საუბარში.

ფონდი ღია საზოგადოება – საქართველოს წარმომადგენელი ვანო ჩხიკვაძე, რომელიც ვიზალიბერალიზაციის პროცესს არასამთავრობო სექტორიდან აკვირდება, მიგრანტების და თავშესაფრის მაძიებლების შესაძლო ზრდის რისკის პრევენციისათვის ხელისუფლებას საინფორმაციო კამპანიების ჩატარების რეკომენდაციას აძლევს მოსახლეობაში ცნობიერების ამაღლების კუთხით. საუბარია იმაზე, რომ რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა გაიგოს, რომ თავშესაფრის მიღება არცთუ ისე იოლია და მხოლოდ იშვიათ შემთხვევაში კმაყოფილდება აპლიკანტი. ასევე ის, რომ უვიზო მიმოსვლის ამოქმედების შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეებისათვის ევროპის შრომითი ბაზარი ავტომატურად არ გაიხსნება. საქართველოს მოქალაქე უფლებამოსილი იქნება 180 დღიდან 90 დღე ევროკავშირის ტერიტორიაზე გაატაროს, თუმცა არა მუშაობის უფლებით. ასევე, უვიზო მიმოსვლა არ ნიშნავს იმას, რომ ყველა მოქალაქე ნებისმიერ პირობებში შევა შენგენის ზონაში. ადამიანებს კვლავ დასჭირდებათ სამედიცინო დაზღვევა, უკან დასაბრუნებელი ბილეთი და თანხა, რომლითაც მოგზაურობის მიზნის დასაბუთებას შეძლებენ. რომელიმე ამ პუნქტის დარღვევეის შემთხვევაში მესაზღვრე უფლებამოსილი იქნება ადამიანი ქვეყანაში არ შეუშვას. მინისტრმა დავით ბაქრაძემ ბათუმელებს უთხრა, რომ საინფორმაციო კამპანიის წარმოება მათ გეგმებშიც შედის.

მასალების გადაბეჭდვის წესი