ახალი ამბები

პენიტენციურ სისტემაში კადრის უკონკურსოდ მიღების დროებითი წესი შესაძლოა გადავადდეს

18 აპრილი, 2016 • 1058
პენიტენციურ სისტემაში კადრის უკონკურსოდ მიღების დროებითი წესი შესაძლოა გადავადდეს

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრსა და დეპარტამენტის დირექტორს შესაძლოა თანამდებობებზე პირის უკონკურსოდ დანიშვნის ვადა გაუხანგრძილვდეთ. შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივით პარლამენტს გედევან ფოფხაძე და პაატა კიკნაველიძე მიმართავენ.

“სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ” კანონში შესატანი ცვლილებების თანახმად, “2017 წლის 1 მარტამდე მინისტრსა და დეპარტამენტის დირექტორს უფლება აქვთ, თანამდებობაზე დანიშნონ პირი არაუმეტეს 6 თვის გამოსაცდელი ვადით.” მოქმედი კანონით კი, მათ ეს უფლება 2016 წლის 1 მაისს უწყდებათ.

კანონპროექტის განმარტებითი ბარათის თანახმად, მისი მიღების მიზანი პენიტენციური სამსახურის საკადრო საკითხების დროებითი დარეულირებაა:

“სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ-ი სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრში აქტიურად მიმდინარეობს  სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახუურეთა სერტიფიცირება. დღეისთვის გადამზადების კურსები გაიარა 543-მა მოსამსახურემ, ხოლო დარჩენილმა მოსამსახურეებმა 2017 წლის 1 იანვრამდე უნდა გაიარონ  კანონით გათვალისწინებული სავალდებულო გადამზადების კურსი.

სასწავლო ცენტრის 2016 წლის ბიუჯეტი შეადგენს 1 006 000 ლარს, ხოლო მოწვეული სპეციალისტების რაოდენობა, ვინც ახორციელებს მოსამსახურეთა გადამზადებას, – 37-ს. შესაბამისად, სასწავლო ცენტრის ინფრასტრუქტურა, ადამიანური და ფინანსური რესურსები არ იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ სამინისტრომ უზრუნველყოს პენიტენციურ სამსახურში სამუშაოდ მისაღები კანდიდატებისთვის სავალდებულო სპეციალური პროფესიული მომზადების კურსების ორგანიზება, სერტიფიცირების პროცესის პარალელურად,” – აღნიშნულია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

კანონპროექტის ავტორების განცხადებით, ამ გარემოებიდან გამომდინარე, აუცილებელია პენიტენციურ სამსახურში მიღების დროებითი წესის გადავადება.

კანონპროექტი პარლამენტის ბიურომ დღეს, 18 აპრილს დაარეგისტრირა.

მასალების გადაბეჭდვის წესი