სტუდენტური მოძრაობის, აუდიტორია 115-ის მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქციის მონაწილეები მთავრობის კანცელარიამდე მსვლელობით მიემართებიან.
სტუდენტები პრემიერ-მინისტრთან შეხვედრასა და განათლების სისტემის ძირეულ რეფორმებს ითხოვენ.
თავდაპირველად აქცია 14:30-ზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან დაიწყო, სადაც გადაწყდა, რომ მოეწყობოდა მსვლელობა მთავრობის კანცელარიამდე. აქციის მონაწილეები მოითხოვენ უნივერსიტეტის დაფინანსების გაზრდას. მოთხოვნებს შორის კვლავ რჩება სტუდენტური თვითმმართველობის გაუქმება. მათი თქმით, უნვიერსიტეტებში სტუდენტთა წარმომადგენლობას უნდა ახორციელებდნენ საფაკულტეტო საბჭოებსა და სენატში არჩეული წევრები. “აუდიტორია 115″-ის მოთხოვნებს შორისაა რექტორისა და აკადემიური საბჭოს წევრთა არჩევის წესის ცვლილებაც. გარდა ამისა, სტუდენტები ე.წ ОДР-ების საკითხის გამოძიებას ითხოვენ.
აუდიტორია 115-ის წევრებმა 16 აპრილს დილით უნივერსიტეტის მეექვსე კორპუსი დაიკავეს. ისინი შენობაში ამ დრომდე რჩებიან და პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას მოითხოვენ. შენობა კვლავ პიკეტირებულია – მეექვსე კორპუსის შესასვლელი კარი შიგნიდან მაგიდებით არის ჩახერგილი.
აუდიტორია 115 აცხადებს, რომ უკმაყოფილოა განათლების სამინისტროს მიერ შემოთავაზებული ცვლილებათა პროექტით. ისინი აცხადებენ, რომ განათლების სამინისტრომ მათ შესთავაზა მხოლოდ “კოსმეტიკური ცვლილებები” და არა ძირეული რეფორმა.