ახალი ამბები

სიმბოლური კომპენსაციები რეპრესირებულთათვის

5 ოქტომბერი, 2011 •
სიმბოლური კომპენსაციები  რეპრესირებულთათვის
დღესდღეობით ასობით განაცხადია შესული ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში იმ ოჯახების მხრიდან, რომელთა წევრებიც 1921 წლის 25 თებერვლიდან 1990 წლის 28 ოქტომბრამდე პერიოდში იყვნენ რეპრესირებული თავისუფლების აღკვეთის, გადასახლების, გასახლების, სპეციალურ ადგილებზე გამწესების, ფსიქიატრიულ დაწესებულებებში იძულებით მოთავსების სახით ან გარდაიცვალნენ პოლიტიკური რეპრესიების შედეგად.

იმისათვის, რომ ეს ადამიანები რეპრესიების მსხვერპლად აღიარონ სასამართლოს გადაწყვეტილებაა საჭირო, ამიტომ ოჯახების უმეტესობა ან პირდაპირ სასამართლოს ან საიას აკითხავს.

“იქიდან გამომდინარე რომ ჩვენ ასობით განაცხადი მივიღეთ ნაკლები საქმე არც სასამართლოში არ იქნება შესული, ”– აცხადებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საიას) ადვოკატი ლალი პეტრიაშვილი.

მაქსიმალური თანხა რაც რეპრესირებული ოჯახის წევრებმა სასამართლო გადაწყვეტილებების შედეგად მიიღეს 400–450 ლარია.  ლალი პეტრიაშვილის განცხადებით არიან ადამიანები, რომელთაც კომპენსაციის სახით მხოლოდ 200–250 ლარი აქვთ მიღებული. ადვოკატის დაქირავების შემთხვევაში მათ ამ თანხის ნახევარი ან ნახევარზე მეტი ადვოკატის მომსახურებაში დაეხარჯებათ. 

“თუკი ოჯახის აზრით კომპენსაციის რაოდენობა ძალიან მცირეა, მათ აქვთ უფლება სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრონ, თუმცა მესამე ინსტანციაში გასაჩივრებას კანონი აღარ ითვალისწინებს. შეიძლება ასევე პირმა იჩივლოს სტრასბურგის სასამართლოში, თუმცა არამგონია ეს საჩივარი მიიღოს სასამართლომ, რადგან ის არ ერევა ქართული სასამართლოს მიერ დაწესებულ მსგავს გადაწყვეტილებებში.” – ამბობს ლალი პეტრიაშვილი – “ იმის მიუხედავად, მცირე იქნება თუ არა საკომპენსაციო თანხა, კარგია, რომ სახელმწიფომ ბოლოს და ბოლოს გამოხატა პოლიტიკური ნება, კომპენსაციის საკითხზე დაიწყო მსჯელობა”.

ნორმატიული აქტი ქართულმა სასამართლომ კლაუს და იური კილაძეების საქმის განხილვის შედეგად მიიღო.  მათ სამი ინსტანციის ჩათვლით გაასაჩივრეს საქმე, თუმცა საქართველოს  სასამართლოებში ჩივილი წარუმატებლად დამთავრდა იმის გამო, რომ არ არსებობდა კანონი, რომელიც ითვალისწინებდა კომპენსაციის გაცემას, იმას თუ ვის უნდა გაეცა კომპენსაცია, ან რა თანხაზე იქნებოდა საუბარი.

კილაძეებმა, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის დახმარებით, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართეს, მათი საჩივარი დაკმაყოფილდა.
იმ უფლებების დარღვევისათვის რომელიც მათ ჰქონდათ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მიხედვით, სახელმწიფოს დაეკისრა კომპენსაციის გადახდა 4 ათასი ევროს ოდენობით, თუმცა ეს არ ყოფილა კომპენსაცია რეპრესირებულობის გამო.
კილაძეების საქმიდან გამომდინარე ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ პირდაპირ მიუთითა ქართულ სახელმწიფოს, რომ 2010 წლის 2 თებერვლიდან ექვსი თვის ვადაში უნდა მიეღოთ ნორმატიული აქტი რეპრესირებულთათვის კომპენსაციის გაცემის შესახებ.

სახელმწიფო ექვს თვიან ვადაში ვერ ჩაეტია, თუმცა დაგვიანებით ნორმატიული აქტი მიიღეს, თანხის ოდენობის განზასღვრა კი სასამართლოს დაევალა.
“მიუხედავად იმისა, რომ არ არის დაწესებული კომპენსაციების ოდენობის ზედა ზღვარი, დღემდე მაქსიმალური თანხა რაც სასამართლომ გასცა 450 ლარს არ აღემატება” – აცხადებს საიას იურისტი ლალი პეტრიაშვილი.

საბჭოთა რეპრესიები
საბჭოთა რეპრესიები

მასალების გადაბეჭდვის წესი