ნეტგაზეთი | კორძაია: საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება “რესპუბლიკელების” პოზიციას შეესაბამება კორძაია: საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება “რესპუბლიკელების” პოზიციას შეესაბამება – Netgazeti
RU | GE  

კორძაია: საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება “რესპუბლიკელების” პოზიციას შეესაბამება

‘”რესპუბლიკური” პარტიის საპარლამენტო ფრაქციის წევრი თამარ კორძაია დადებითად აფასებს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ე.წ. ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით:

“უმჯობესი იქნებოდა, საპარლამენტო უმრავლესობას ფრაქცია “რესპუბლიკელების” ალტერნატიული წინადადება მიეღო და ალბათ არ აღმოვჩნდებოდით ამ რეალობის წინაშე, რადგან ჩვენც ვამბობდით, რომ უსაფრთხოების სამსახურისთვის მსგავსი ფართო უფლებამოსილების მინიჭება არ იყო მიზანშეწონილი, რადგან ადამიანის პირადი ცხოვრების უფლებასთან მიმართებაში პროპორციული არ იყო,”- აღნიშნავს დეპუტატი.

მისივე თქმით, სასამართლომ  რაც შეიძლება მალე უნდა გამოაქვეყნოს სრული გადაწყვეტილება, რათა პარლამენტმა შეძლოს მუშაობა ახალი ვერსიის შემუშავებაზე:

“რესპუბლიკელებს” მიგვაჩნია, რომ ეს გადაწყვეტილება შეესაბამება ჩვენს იმდროინდელ პოზიციას, როდესაც მიიღებოდა კანონი მოსმენებთან დაკავშირებით და ვფიქრობთ, რომ  მომავალში უფრო პროგრესულ გადაწყვეტილებას მიიღებს პარლამენტი.”

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა საქართველოს სახალხო დამცველის (კონსტიტუციური სარჩელი N625) და საქართველოს მოქალაქეების: გიორგი ბურჯანაძის, ლიკა საჯაიას, გიორგი გოცირიძის, თათია ქინქლაძის, გიორგი ჩიტიძის, ლაშა ტუღუშის, ზვიად ქორიძის, ააიპ „ფონდი ღია საზოგადოება საქართველოს“, ააიპ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“, ააიპ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“, ააიპ „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ და ააიპ „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ (კონსტიტუციური სარჩელი N640) კონსტიტუციური სარჩელები საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.

“საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო ნორმები, მართალია, ემსახურება ლეგიტიმურ მიზნებს, მაგრამ არ წარმოადგენს ამ მიზნების მიღწევის ნაკლებად მზღუდავ, პროპორციულ საშუალებას. სადავო ნორმები შესაძლებლობას აძლევს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით მოიპოვოს პირადი ხასიათის ინფორმაცია განუსაზღვრელ პირთა წრის შესახებ. მართალია, არსებობს პრეზუმფცია, რომ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე ორგანო ბოროტად არ ისარგებლებს ამ ტექნიკური საშუალებებით, თუმცა რეალურ დროში პირადი ხასიათის ინფორმაციის მოპოვების ტექნიკური შესაძლებლობის (მათ შორის პროგრამული უზრუნველყოფის) ფლობა, ადმინისტრირება და ამ საშუალებების გამოყენებით პირადი ხასიათის ინფორმაციაზე პირდაპირი წვდომის შესაძლებლობა, ასევე მაიდენტიფიცირებელი მონაცემების (მეტადატის) კოპირება და შენახვა ისეთი უწყების მიერ, რომელსაც მინიჭებული აქვს გამოძიების ფუნქცია ან არის პროფესიულად დაინტერესებული ამ ინფორმაციის გაცნობით, ქმნის პირად ცხოვრებაში ჩარევის მომეტებულ საფრთხეს.

ამავე დროს, საკონსტიტუციო სასამართლომ, გაითვალისწინა რა, რომ წინამდებარე გადაწყვეტილების სათანადოდ აღსრულება მოითხოვს, როგორც ფუნდამენტური საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელებას, ისე ახალი კანონმდებლობის შესაბამისად შემოღებული სისტემის ინსტიტუციურ და ტექნიკურ უზრუნველყოფას, აუცილებლად მიიჩნია გადაწყვეტილების აღსასრულებლად აუცილებელი და გონივრულად საკმარისი დროის გათვალისწინება. ასეთ ობიექტურად საკმარის ვადად საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 31 მარტამდე პერიოდი მიაჩნია”, – ნათქვამია საკონსტიტუციო სასამართლოს განცხადებაში.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გივი ავალიანი არის ნეტგაზეთის საპარლამენტო კორესპონდენტი.