ახალი ამბები

ბერძენიშვილი: პრეზიდენტის განცხადება პოლიტიკური ვითარებისთვის ადეკვატური არ არის

14 აპრილი, 2016 • 1313
ბერძენიშვილი: პრეზიდენტის განცხადება პოლიტიკური ვითარებისთვის ადეკვატური არ არის

“თუ კონტრასიგნაცია არც მაისში არ იქნება პრემიერის მხრიდან, მაშინ პრეზიდენტის ფუჭი გასროლა, ყალბი გასროლა, ვის ემუქრება, მაინცდამაინც ვერ გავიგე. პრეზიდენტის ეს განცხადება შექმნილი პოლიტიკური ვითარებისთვის ადეკვატური არ არის ,” – ასე აფასებს პრეზიდენტის განცხადებას “რესპუბლიკური” პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, დავით ბერძენიშვილი.

დეპუტატის თქმით, საარჩევნო კამპანია დაწყებული რომ იყოს, ეს მედიასაშუალებებს შეუქმნიდა პრობლემას:

“საარჩევნო კამპანია უკვე დაწყებული რომ იყოს, ეს უპირველესად მედიასაშუალებებს შეგიქმნიდათ ძალიან დიდ პრობლემებს. საარჩევნო წნეხის ქვეშ იქნებოდით და გექნებოდათ ვალდებულება, გამოგეყოთ ძალიან დიდი უფასო სარეკლამო დრო. ეს არ იქნებოდა კარგი მედიასაშუალებებისთვის და საზოგადოებისთვის, რადგან მხოლოდ არჩევნები არ არის ცხოვრება.”

მისივე სიტყვებით, აპრილში, მაისში, ივნისში, ივლისში შვიდი პარტია საოლქო საარჩევნო კომისიებში დანიშნავდნენ საკმაოდ მაღალანაზღაურებად თანამშრომლებს, რომელთაც საქმე არ ექნებოდათ:

“ეს ფინანსური ტვირთია. მილიონები უნდა წასულიყო იმ საქმეზე, რომელიც გასაკეთებელი ვერ იქნებოდა.  ამიტომ გონივრული იყო პრემიერის შეთავაზება, რომ ვთქვათ,  ერთი თვით ადრე, ივლისში ყოფილიყო ასეთ აქტი გამოცემული.”

პრეზიდენტის გადაწყვეტილება,  რომ არჩევნების დანიშვნის შესახებ სამართლებრივ აქტის მაისში გამოცემს, ბერძენიშვილისთვის ღიმილის მომგვრელია:

“მაგრამ რაკი პრეზიდენტმა ჩათვალა, რომ მე მინდა და მაისში გამოვცემ, ეს ღიმილის მომგვრელია. რადგან მაისში გამოცემულ აქტს პრემიერი თუ არ დაეთანხმა და ხელს არ მოუწერს,  თუ კონტრასიგნაცია არც მაისში არ იქნება პრემიერის მხრიდან, მაშინ პრეზიდენტის ფუჭი გსროლა, ყალბი გასროლა, ვის ემუქრება, მაინცდამაინც ვერ გავიგე. ”

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი  უარს ამბობს მთავრობის შეთავაზებაზე საარჩევნო კამპანიის 3 თვით ადრე დანიშვნის შესახებ და აცხადებს, რომ არჩევნებს 5 თვით ადრე დანიშნავს.

მასალების გადაბეჭდვის წესი