ახალი ამბები

ომბუდსმენმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს კანდიდატად ირინა ფუტკარაძე წარადგინა

12 აპრილი, 2016 • 2582
ომბუდსმენმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს კანდიდატად ირინა ფუტკარაძე წარადგინა

2016 წლის 12 აპრილს „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 211 მუხლის პირველი პუნქტისა და „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველოს სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს დავით უსუფაშვილს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატი არასამთავრობო ორგანიზაცია “საზოგადოებრივი დამცველის” ხელმძღვანელი ირინა ფუტკარაძე წარუდგინა.

“ირინა ფუტკარაძემ გასაუბრების დროს წარმოადგინა საინტერესო, რეალისტური და შედეგებზე ორიენტირებული სამოქმედო გეგმა და კომისიის მხრიდან მაღალი შეფასება დაიმსახურა. ირინა ფუტკარაძე წლების განმავლობაში ეწევა აქტიურ საზოგადოებრივ და ადამიანის უფლებადაცვით საქმიანობას”, – ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებაში.

ჯერჯერობით უცნობია იმ კანდიდატების ვინაობა, ვისაც საპარლამენტო უმრავლესობა და უმრავლესობის გარეთ დარჩენილი დეპუტატები წარადგენენ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს ვაკანტურ ადგილებზე.

ირინა ფუტკარაძეს შესარჩევმა კომისიამ 7 ქულა დაუწერა. მის კონცეფციას საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით შეგიძლიათ გაეცნოთ ამ ბმულზე.

ფუტკარაძე საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრის შესარჩევ კონკურსში 2014 წელსაც მონაწილეობდა, თუმცა მისი კანდიდატურა კენჭისყრაზე ვერ მოხვდა, რადგან შესაბამისი უფლებამოსილების მქონე სუბიექტებმა: საპარლამენტო უმრავლესობამ, უმრვალეოსობის გარეთ დარჩენილმა დეპუტატებმა და ომბუდსმენმა სხვა კანდიდატებზე გააკეთეს არჩევანი.

მასალების გადაბეჭდვის წესი