საზოგადოება

ოპოზიციონერმა დეპუტატებმა GPB-ს ბორდისთვის სულხან სალაძის და გია ნიჟარაძის კანდიდატურები წარადგინეს

12 აპრილი, 2016 • 3080
ოპოზიციონერმა დეპუტატებმა GPB-ს ბორდისთვის სულხან სალაძის და გია ნიჟარაძის კანდიდატურები წარადგინეს

საპარლამენტო უმრავლესობის გარეთ დარჩენილმა დეპუტატებმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამუერვეო საბჭოს წევრის ვაკანტურ ადგილებზე იურისტი სულხან სალაძე და რაგბის კავშირის ყოფილი ხელმძღვანელი გია ნიჟარაძე დაასახელეს. ამის შესახებ ნეტგაზეთს საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთმა ლიდერმა სერგო რატიანმა განუცხადა.

მიუხედავად იმისა, რომ დეპუტატებმა კანდიდატები წარადგინეს, სერგო რატიანის თქმით, მათ პრეტენზია აქვთ შესარჩევ კომისიასთან:

“ჩვენგან წარდგენილია ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელი სულხან სალაძე და ნიჟარაძე, მაგრამ ერთმნიშვნელოვნად უნდა განვაცხადო, რომ კომისია განსაკუთრებით კრიტიკულად განწყობილ კანდიდატებს არ უშვებს და გვიზღუდავს არჩევანს. ჩვენ ვიყავით კონსტრუქციულები და მოცემული სიიდან ავარჩიეთ  ორივე კანდდატი”, – ამბობს რატიანი და დასძენს, რომ იმ კანდიდატებში, რომლებიც ფინალურ სიაში ვერ მოხვდნენ, ნინო ცინცაძეს გულისხმობს. “შეგიძლიათ ნახოთ მისი გამოსვლა, რომელიც არ გაუშვეს, ჩვენი აზრით, სწორედ იმ ნიშნით, რომ ის განსაკუთრებით კრიტიკული იყო”.

კითხვას, მისი განცხადება კრიტიკულად განწყობილი კანდიდატების დაბლოკვის შესახებ ხომ არ აყენებს ჩრდილს სხვა კანდიდატებს და პირველ რიგში იმ ორ ადამიანს, ვინც უმრავლესობის გარეთ მყოფმა დეპუტატებმა დაასახელეს, რატიანი ასე პასუხობს:

“არანაირად. სულხანს [სალაძე] ძალიან მნიშვნელოვანი როლი აქვს ნათამაშები საყდრისის საკითხში იგივე სასამართლო პროცესებთან დაკავშირებით, რაც ძალიან მნიშვბელოვანია. ნიჟარაძეზე იცით, რომ ის რაგბის კავშირში პირდაპირ დაიბლოკა და “ქართული ოცნება” ებრძოდა. მე უბრალოდ ვამბობ, რომ შეიზღუდა არჩევანი”.

კითხვას, იყო თუ არა  ამ შემთხვევაში  მათი კრიტერიუმი  ხელისუფლებისადმი კანდიდატის  მხოლოდ  კრიტიკული დამოკიდებულება, იგი პასუხობს, რომ არა.

“[ხელისუფლელბისადმი] კრიტიკულად განწყობილი უნდა იყოს, ეს აუცილებელია. პროფესიონალიზმი და ასევე კრიტიკული აზრი. ეს ორი ფაქტორი უნდა იყოს. ის, რომ ოპოზიციის წარმომადგენელია,  ეს ნიშნავს იმას, რომ ის უნდა იყოს შემაფარხებელი ფაქტორი და კრიტიკული თვალი, რომელიც აკვირდება ამ პროცესებს. ეს ერთ-ერთი სერიოზილი კრიტერიუმია და როდესაც კანდიდატები იბლოკებიან ამ ნიშნით და არა სხვა ნიშნით, ესაა პრობლემა”, – აცხადებს რატიანი.

ჯერჯერობით უცნობია, ვის დაასახელებს საპარლამენტო უმრავლესობა. ომბუდსმენმა კი თავისი ქვოტით არასამთავრობო ორგანიზაცია “საზოგადოებრივი დამცველის” ხელმძღვანელი ირინა ფუტკარაძე დაასახელა. საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდში სულ 4 ადგილია ვაკანტური. დასახელებულ კანდიდატებს კენჭს პარლამენტი უყრის პლენარულ სხდომაზე.

გია ნიჟარაძე ყოფილი მორაგბე და რაგბის კავშირის ექსხელმძღვანელია. მისი გეგმების შესახებ შეგიძლიათ მოისმინოთ ქვემოთ მოყვანილ ბმულზე.

სულხან სალაძე იურისტია და საიაში მუშაობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი