ახალი ამბები

რატომ გაიზარდა წვევამდელების კონტიგენტი

28 სექტემბერი, 2011 • 1308
რატომ გაიზარდა წვევამდელების კონტიგენტი

საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის ბრძანებულების შესაბამისად, საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებში  წვევამდელების კონტიგენტი 4 890–ით განისაზღვრა, რაც 2490–ით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.

თავდაცვის სამინისტრო სამხედრო სავალდებულო სამსახურში წელს წვევამდელთა გაორმაგებულ რაოდენობას მიიღებს, მაშინ,  როდესაც აღნიშნულ უწყებაში მანამდე ღიად აცხადებდნენ, რომ 2009 წლისთვის სამხედრო სამსახური მთლიანად საკონტრაქტო სისტემაზე გადავიდოდა.

რამ განაპირობა თავდაცვის სამინისტროს მიერ ახალწვეულების რაოდენობის გაორმაგების მოთხოვნა? – ამ საკითხის კომენტირებას თავდაცვის სამინისტროში  თავს არიდებენ და რეგიონულიი განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსკენ გვამისამართებენ, რომელიც ახალწვეულთა გაწვევის პროცესს უწევს ორგანიზებას.

„ამჟამად გაწვევის პროცესი მიმდინარეობს ექსცესების გარეშე. რაც შეეხება გაზრდილ მოთხოვნებს, ჩვენ ვაკმაყოფილებთ ყველა იმ მოთხოვნას, რომელიც მოდის შესაბამისი უწყებიდან. მეტს ვერაფერს გეტყვით,“ – განუცხადა „ნეტგაზეთს“ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს პრესსამსახურის უფროსმა მარგარიტა სიხარულიძემ.

სამხედრო ექსპერტები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ წვევამდელების რაოდენობის ზრდა დაუსაბუთებელი, არაეფექტური და უკან გადადგმული ნაბიჯია.

სამხედრო ექსპერტის, გიორგი თავდგირიძის განცხადებით, ხელისუფლება   თავდაცვითუნარიანობის პრობლემის მოგვარებას  რაოდენობის ზრდით ცდილობს.

„ეს, სამწუხაროდ, არის მეოცე საუკუნის მიდგომა, როდესაც რაოდენობა მიიჩნეოდა წარმატების მთავარ მოტივად. იმ მტრულ გარემოში, რომელშიც დღეს საქართველო იმყოფება, ქართულ თავდაცვას არა რაოდენობა, არამედ პროფესიონალიზმი ესაჭიროება. მარტივი ლოგიკით, რუსეთის შეიარაღებულ სისტემას რაოდენობით ვერასდროს დავეწევით. ხოლო თავდაცვის ხარჯების ამგვარი დაზოგვა სამომავლოდ არ წაადგება ქვეყნის თავდაცვითუნარიანობას,“ – აცხადებს გიორგი თავდგირიძე.

ექსპერტები, ასევე, აღნიშნავენ, რომ  თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი პრიორიტეტების განსაზღვრაში არასწორადაა დაგეგმილი.

სამხედრო ექსპერტის, ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, თავდაცვის სამინისტროს ყავს ორი პროფესიონალური სპორტული გუნდი, რომელთა დაფინანსებაზეც რამდენიმე ასეულ ათასობით ლარი იხარჯება.

„მაშინ, როდესაც სამინისტრო საკონტრაქტო სამსახურში მყოფი პირების  სანაცვლოდ გეგმავს ბიუჯეტის შემცირებას და აფინანსებს არაპრიორიტეტულ მიმართულებებს სამინისტროში,  ეს არასწორი პოლიტიკაა. ცნობისთვის, თავდაცვის სამინისტროს  ორი პროფესიონალური სპორტული გუნდი ყავს, რომელთა დაფინანსებაზეც რამდენიმე ასეულ ათასობით ლარი იხარჯება. ხაზგასმით მინდა ავღნიშნო პროფესიონალური, რადგან თავდაცვის სამინისტროს სპორტულ საკალათბურთო გუნდში თამაშობს პროფესიონალი კალათბურთელი ანატოლი ბოისა. აშშ–ს თავდაცვის დეპარტამენტსაც ყავს მსგავსი სპორტული გუნდები, მაგრამ გაგიგიათ, რომ მათში რომელიმე პროფესიონალი სპორტსმენი თამაშობდეს?! თანაც, აღსანისნავია, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტის სპორტული მომზადებისთვის გამოყოფილი ხარჯების პუნქტში წერია დიდი ასოებით – ნული. ცხადია, ეს ყველაფერი ეჭვებს ბადებს, რომელიც პასუხგაუცემელია“, – აღნიშნა სესიაშვილმა.

მისივე თქმით, როდესაც წვევამდელთა რაოდენობა იზრდება ჯარში, ეს ნიშნავს, რომ საკონტრაქტო სამსახურში მყოფი სამხედროების რაოდენობა შემცირდება. მოგეხსენებათ, წლის დასაწყისში 200–მდე მაღალი რანგის სამხედრო პირი იქნა გათავისუფლებული. ეს ერთი საკითხია, მეორეა, თუ ვის იწვევ მის ადგილას.

ექსპერტთა შეფასებით, საქართველოს პირობებისთვის  სავალდებულო სამხედრო სამსახურის მთლიანად გაუქმება არასახარბიელო იქნება.

„ამ თვალსაზრისით, ატლანტიკურ ალიანსს არანაირი სტანდარტი  არ აქვს დაწესებული, ანუ უნდა იყოს თუ არა მის წევრ ან პარტნიორ ქვეყანაში სავალდებულო სამხედრო სამსახური. დღეს ეს საჭიროა, რომ შენარჩუნდეს, მაგრამ არა იმ ფორმით და კონტიგენტით, რაც გვაქვს“, – აცხადებს თავდგირიძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი