ახალი ამბები

გია ვოლსკი აღიარებს, რომ საქართველოში ეკონომიკური მდგომარეობა გაუარესდა

11 აპრილი, 2016 • 1118
გია ვოლსკი აღიარებს, რომ საქართველოში ეკონომიკური მდგომარეობა გაუარესდა

“ქართული ოცნების” საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარე გია ვოლსკი აცხადებს, რომ ეკონომიკური მდგომარეობა გაუარესდა და ამის დადგენას ბევრ გამოკითხვა არ სჭირდება:

“ეკონომიკური, სოციალური მდგომარეობა გაუარესდა. არ ჭირდება ბევრი გამოკითხვა იმის გაგებას, რომ საგანგებო ვითარებაა მსოფლიოში შექმნილი. ამ პირობებში საქართველომ სტაბილურობის გარკვეული მაჩვენებელი შეინარჩუნა, ეკონომიკური ზრდა, თუმცა მცირე და, რაც მთავარია, შეინარჩუნა უსაფრთხოება ოკუპირებული ტერიტორიების და ამდენი გამოწვევების პირობებში. ”

ეს განცხადება ვოლსკიმ NDI -ის დღეს გამოქვეყნებული კვლევის შედეგების შეფასებისას გააკეთა.

ვოლსკის თქმით, გულდასაწყვეტია, რომ ტერიტორიული მთლიანობის თემა კვლევის საკითხებშია შეტანილი:

“გული მწყდება, რომ ტერიტორიული მთლიანობის თემა საერთო საკითხებშია შეტანილი და სპეკულაციები მოვისმინე, რომ ეს თემა მეხუთე ადგილზეა. ეს თემა არის საერთო, ყოველთვის უკონკურსოა და პირველ ადგილზეა. ”

კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 57% ასახელებს, რომ ყველაზე მნიშნელოვანი პრობლემა სამუშაო ადგილებია. 35% ფასების ზრდასა და ინფლაციას ასახელებს, სიღარიბეს – 30%, ხოლო პენსიებს – 26%. ყველაზე დიდი პრობლემების ხუთეულის ბოლო ადგილზე ტერიტორიული მთლიანობა სახელდება.

NDI-ის კვლევის თანახმად, რომელიც დღეს, 11 აპრილს გამოქვეყნდა, აღნიშნულია, რომ მოსახლეობის 66% აცხადებს, რომ საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობა ცუდია, საიდანაც, 26% მიიჩნევს, რომ საქართველოს კონომიკური მდგომარეობა ძალიან ცუდია.

ამავე კვლევის შედეგებით,  გამოკითხულთა 96 პროცენტის აზრით ლარის კურსის ცვლილებამ დოლარის მიმართ მოსახლეობაზე ნეგატიური გავლენა იქონია. მოსახლეობის მხოლოდ 4 პროცენტი მიიჩნევს, რომ ამ პროცესებს მათ ოჯახებზე გავლენა არ მოუხდენია.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი