ახალი ამბები

ჟორჟოლიანი: ეკონომიკური ზრდის ტემპი ევროკავშირთან შედარებით მაღალიც კი გვაქვს

11 აპრილი, 2016 • 1435
ჟორჟოლიანი: ეკონომიკური ზრდის ტემპი ევროკავშირთან შედარებით მაღალიც კი გვაქვს

“ეკონომიკური ზრდის ტემპები საქართველოს რეგიონთან და ევროკავშირთან შედარებით მაღალიც კი აქვს, რა თქმა უნდა, ეს აბსოლუტურად არასაკმარისია,”- ეს განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გია ჟორჟოლიანმა NDI-ს კვლევის კომენტირებისას გააკეთა, რომლის მიხედვით, გამოკითხულები ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემად სამუშაო ადგილებს ასახელებენ:

პარტიის “სოციალ-დემოკრატები საქართველოს განვითარებისთვის” ლიდერი ამბობს, რომ სამუშაო ადგილების მთავარ პრობლემად დასახელებაში განსაკუთრებულს ვერაფერს ხედავს, რადგან:

“ბუნებრივია, რომ მოსახლეობა ეკონომიკური მდგომარეობით უკმაყოფილო იყოს. აქ განსაკუთრებულს ვერაფერს ვხედავ.  მიზეზი არის გლობალურად ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესება, თუმცა შესაძლებელია გარკვეული ნაბიჯების გადადგმა, რომელიც ამ გამოწვევების პირობებში ვითარებას გააუმჯობესებს. ამ მიმართულებით რაღაც ნაბიჯებს დგამს ჩვენი მთავრობა, სხვა ნაბიჯებიც არის განსაზღვრული. ცხადია, რომ ეს პოზიტიურ შედეგებს მოიტანს, მაგრამ არ უნდა ველოდოთ, რომ ეს ერთ ან ორ თვეში იქნება,”- აღნიშნავს ჟორჟოლიანი.

NDI-ის დაკვეთით ჩატარებული კვლევის მიხედვით, გამოკითხულთათვის ყველაზე მნიშნელოვანი ეროვნული პრობლემა მათთვის და მათი ოჯახებისთვის სამუშაო ადგილებია.

კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 57% ასახელებს, რომ ყველაზე მნიშნელოვანი პრობლემა სამუშაო ადგილებია. 35% ფასების ზრდასა და ინფლაციას ასახელებს, სიღარიბეს – 30%, ხოლო პენსიებს – 26%.

ყვეკაზე დიდი პრობლემების ხუთეულის ბოლო ადგილზე ტერიტორიული მთლიანობა სახელდება. პრობლემების ჩამონათვალს აგრძელებს სამედიცინო მომსახურებაზე ხელმისაწვდომობა (18%), განათლება (18%), რუსეთთან ურთიერთობა (13%), ადამიანის უფლებები (12%) და სამართლიანობის აღდგენა (9%).

ბოლო რვა წლის განმავლობაში თითქმის არ შეცვლილა სამუშაო ადგილების პრობლემურობა, ამ ხნის განმავლობაში სამუშაო ადგილები ნომერ პირველ პრობლემად რჩება.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი