ახალი ამბები

ალექსი პეტრიაშვილი: ისევ არ ჩანს კადრების ატვირთვის მოტივი, ამტვირთავი და დამკვეთი

9 აპრილი, 2016 • 1574
ალექსი პეტრიაშვილი:  ისევ არ ჩანს კადრების ატვირთვის მოტივი, ამტვირთავი და დამკვეთი

“ისევ არ ჩანს [პირადი ცხოვრების ამსახველი] კადრების ამტვირთავი, მოტივი და დამკვეთი,”- ეს განცხადება “თავისუფალი დემოკრატების” ერთ-ერთმა ლიდერმა, ალექსი პეტრიაშვილმა “რუსთავი 2”-ის ეთერში გააკეთა:

“ზღაპრების სერიების შემოთავაზების მომსწრე ვართ. [პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების] წინა ისტორია  საერთოდ მიიჩქმალა, ამ ექვსი ადამიანის დაკავებით გადაიფარა. ისევ არ ჩანს კადრების ამტვირთავი, ისევ არ ჩანს მოტივი და დამკვეთი. მე არ მაქვს შოთაძის პროკურატურის იმედი. ”

მისივე თქმით, წინა ხელისუფლების დროს ფარული ჩაწერა ხდებოდა, თუმცა გავრცელებაზე “მწვანე შუქი” არ იყო, ხოლო ახლა არის:

” ხელისუფლების უმაღლესმა პირებმა მაშინაც და ახლაც კარგად იცოდნენ და იციან,  რომ მაშინ ჩაწერები ხდებოდა, მაგრამ ატვირთვაზე მწვანე შუქი არ იყო, ახლა ჩაწერები გრძელდება და არის მწვანე შუქი ატვირთვაზე იმიტომ, რომ მოდის წინასაარჩევნო პერიოდი.”

მოქმედი ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირებში, პეტრიაშვილის განმარტებით, პრემიერ-მინისტრს არ გულისხმობს:

” მინდა ხაზი გავუსვა, მე არ ვგულისხმობ პრემიერ-მინისტრ კვირიკაშვილს. ეს მის პასუხისმგებლობას ნამდვილად არ ხსნის, მაგრამ ძალოვან სტრუქტურებში დღეს სხვა იერარქიაა. არაფორმალური მმართველის პირდაპირ დაქვემდებარებაში არის უსაფრთხოების სამსახური. ნურავის შეექმნება ილუზია, რომ გიორგი კვირიკაშვილის სრული კონტროლის ქვეშ არის ძალოვანი უწყება. კონკრეტულ პიროვნებებს ევალებათ იქ თვალთვალი. ”

თბილისის საქალაქო სასამართლო ფარული კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსნების აღკვეთის ღონისძიების საკითხს იხილავს. ისინი პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერების უკანონოდ მოპოვება-შენახვის ბრალდებით 8 აპრილს დააკავეს.

შესაძლო პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების გამო გამოძიება მიმდინარეობს პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის ხელყოფის კუთხით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე მუხლის მიხედვით.

საქართველოს პროკურატურა აცხადებს, რომ გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) წარმომადგენლობასთან აქტიური კონსულტაციების რეჟიმში განაგრძობს ინტენსიურ გამოძიებას აღნიშნულ დანაშაულთან კავშირში მყოფი ყველა პირის გამოსავლენად.

მასალების გადაბეჭდვის წესი