ახალი ამბები

ფარული ჩანაწერების საქმეზე დაკავებულების პროცესი მოსამართლემ დახურა

9 აპრილი, 2016 •
ფარული ჩანაწერების საქმეზე დაკავებულების პროცესი მოსამართლემ დახურა

თბილისის საქალაქო სასამართლო ფარული კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსნების აღკვეთის ღონისძიების საკითხს იხილავს. ისინი პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერების უკანონოდ მოპოვება-შენახვის ბრალდებით 8 აპრილს დააკავეს.

სასამართლო პროცესზე პროკურორმა დააყენა შუამდგომლობა პროცესის დახურვის თაობაზე. შუამდომლობა მოსამართლემ დააკმაყოფილა და სასამართლო დარბაზი დაკავებულების ახლობლებმა და ჟურნალისტებმა დატოვეს.

სასამართლო პროცესი 19.30 საათზე დაიწყო და სავარაუდოდ რამდენიმე საათს გაგრძელდება, რადგან მოსამართლემ 5 პირის შესახებ უნდა მიიღოს აღკვეთის ღონისძიების შესახებ გადაწყვეტილება.

დაკავებულების ადვოკატები მოსამართლეს თხოვენ, არ გამოიყენოს აღკვეთის ღონისძიების არც ერთი სახე, რადგანაც მათი მტკიცებით, გამოძიებას არა აქვს მტკიცებულებები.

პროკურატურამ 8 აპრილს განაცხადა, რომ მათ მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად გამოვლენილნი არიან ის პირები, რომლებსაც ბრალად ედებათ მიმდინარე წლის 11 და 14 მარტს ინტერნეტსივრცეში პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერების უკანონოდ მოპოვება და შენახვა.

გამოძიებამ სასამართლოს განჩინების საფუძველზე 5 პირი დააკავა, ერთი პირის დაკავება ვერ მოხერხდა, ვინაიდან მიემალა გამოძიებას, ხოლო ერთ პირს დაუსწრებლად წარუდგენს ბრალს.

დაკავებულების არიან ვასილ ლელუაშვილი, რევაზ შიუკაშვილი, რომან ზაალიშვილი, ირაკლი ყიფშიძე და ზურაბ პავლიაშვილი. გივი კაციტაძეს დაუსწრებლად წარუდგენენ ბრალს, ხოლო გიგლა შიოშვილი მიემალა გამოძიებას.

მასალების გადაბეჭდვის წესი