რა თანამდებობები ეკავათ პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების მოპოვებაში ბრალდებულებს

5 პირი  დააკავა გამოძიებამ, რომლებსაც ბრალი ედებათ მიმდინარე წლის 11 და 14 მარტს ინტერნეტსივრცეში პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერების უკანონოდ მოპოვებასა და შენახვაში. გამოძიების ცნობით, ერთი პირი მიიმალა, ხოლო ერთს დაუსწრებლად წარედგინა ბრალი.

ვინ არიან ბრალდებული პირები და რას საქმიანობდნენ?


ვასილ ლელუაშვილი, რომელიც ვაჟა ლელუაშვილის სახელითაა ცნობილი – მის მიერ შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, 2010-2012 წლებში შს სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დაცვის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე იყო. 2012 წლის შემდეგ მას დეკლარაცია აღარ შეუვსია, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ დროის შემდეგ თანამდებობას აღარ იკავებდა.

საჯარო სამსახურის ბიუროს ინფორმაციით,  კონსტიტუციური უსაფრთხოების დაცვის დეპარტამენტამდე ვასილ ლელუაშვილი დეპუტატი იყო – 1999-2004 წლებში საქართველოს პარლამენტის წევრი. პარლამენტის ცნობით, იგი მაშინდელი სახელისუფლებო პარტიის, “საქართველოს მოქალაქეთა კავშირის” წევრი იყო.

2012 წელს პროკურატურის გავრცელებული ინფორმაციით, შსს-ს ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის, ბექა კვარაცხელიას ჩენების მიხედვით, ვაჟა ლელუაშვილმა მას დაავალა, რომ შეექმნა ისეთი პროგრამა, რომლის საშუალებითაც სხვისი კომპიუტერებიდან პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაციას მოიპოვებდნენ.

2012 წლის 16 ნოემბერს პროკურატურაში გამართული ბრიფინგზე ცნობილი გახდა, რომ ვაჟა ლელუაშვილი შსს-ს იმ 12 მაღალჩინოსანს შორის იყო, რომლებიც დააკავეს. სასამართლომ 4 დაკავებული გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა, თუმცა მათ შორის ლელუაშვილი არ ყოფილა.

ლელუაშვილს ბრალი 5 მუხლით ჰქონდა წაყენებული: 158–ე–კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევა, 284–ე–კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევა, 285–ე–კომპიუტერული მონაცემის ან/და კომპიუტერული სისტემის უკანონოდ გამოყენება, 333–ე– სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება და 187–ე –სხვისი ქონების განზრახ დაზიანება.

ლელუაშვილი თავს დამნაშავედ იმ მუხლების დარღვევაში მიიჩნევდა, სადაც საუბარია სხვისი ქონების განზრახ დაზიანებაზე, სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და კერძო კომუნიკაციის საიდუმლოს დარღვევაზე.

იგი კუდ-ის ყოფილი დირექტორ ლევან ქარდავასთან და შსს მინისტრის ყოფილ მოადგილე შოთა ხიზანიშვილთან ერთად გაათავისუფლეს.


რევაზ შიუკაშვილი-  მას კონსტტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ქ.თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსის თანამდებობა 2010-2011 წლებში ეკავა. რევაზ შიუკაშვილის ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, რომელიც 2012 წლის აგვისტოში აქვს შევსებული, კონტრდაზვერვის დეპარტამენტის ყოფილი დირექტორია.


რომან ზაალიშვილი – იგი კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ქ.თბილისის მთავარი სამმართველოს მე-3 სამმართველოს უფროსი 2010-11 წლებში იყო.   2012 წლის 30 აგვისტოს შევსებული დეკლარაციით ირკვევა, რომ მას კუდ-ის ქ.თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილის თანამდებობა ეკავა.


ირაკლი ყიფშიძე – ის შს სამინისტროს ქ.თბილისის მთავარი სამმართველოს ძველი თბილისის სამმართველოს  უფროსი იყო 2009-2012 წლებში. ძველი თბილისის სამმართველოს უფროსის რანგში ყიფშიძეს დეკლარაცია 2012 წლის 26 მაისს აქვს შევსებული.


ზურაბ პავლიაშვილი-  პროკურატურის ცნობით, იგი შს სამინისტროს ქ.თბილისის მთავარი სამმართველოს ძველი თბილისის სამმართველოს მე-7 განყოფილების უფროსი იყო. თუმცა საჯარო სამსახურის ბიუროს ვებგვერდზე მხოლოდ ერთი დეკლარაცია მოიპოვება, რომელიც ამ სახელის და გვარის მქონე პიროვნებას აქვს შევსებული, ამ დეკლარაციის მიხედვით, ზურაბ პავლიაშვილი კუდ-ის შიდა ქართლის რაიონული სამმართველოს უფროსია.


გივი კაციტაძე – მას დაუსწრებლად წარედგინა ბრალი, იგი კუდ-ის მეექვსე სამმართველოს უფროსი იყო. მას ქონებრივი დეკლარაცია ორჯერ – 2011 და 2012 წლებში აქვს შევსებული. პროკურატურის ინფორმაციით, კაციტაძე საქართველოში არ იმყოფება და თავს არიდებს გამოძიებასთან თანამშრომლობას.


გიგლა შიოშვილი – პროკურატურის ცნობით, ის  მიემალა გამოძიებას. ქ.თბილისის მთავარი სამმართველოს ძველი თბილისის სამმართველოს მე-7 განყოფილების უფროსი იყო, თუმცა მის შესახებ საჯარო სამსახურის ბიუროს ვებგვერდზე ინფორმაცია არ იძებნება.

 

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ 8 აპრილს განაცხადა, რომ 11 და 14 მარტს ინტერნეტში გავრცელებული უკანონოდ მოპოვებული პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების უკანონოდ მოპოვებისა და შენახვის ბრალდებით 5 პიროვნება დააკავა და ორს ბრალი დაუსწრებლად წარუდგინა.

პროკურატურის ცნობით, ისინი დაკავებული არიან სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის ”გ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, რაც გულისხმობს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 8 წლამდე ვადით.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მიშა მეფარიშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2010 წლიდან. აშუქებს კულტურის პოლიტიკის, ადამიანის უფლებების საკითხებს და სხვა მიმდინარე თემებს. Email: mishameparishvili@gmail.com