ახალი ამბები

პოლონეთში აბორტის აკრძალვის შესახებ კანონპროექტი თბილისშიც გააპროტესტეს

8 აპრილი, 2016 • 2247
პოლონეთში აბორტის აკრძალვის შესახებ კანონპროექტი თბილისშიც გააპროტესტეს

ფემინისტთა დამოუკიდებელმა ჯგუფმა 8 აპრილს თბილისში, პოლონოეთის რესპუბლიკის საელჩოსთან პოლონელი ქალების მხარდასაჭერი აქცია გამართა და ის კანონპროექტი გააპროტესტა, რომელიც დამტკიცების შემთხევაში პოლონეთში აბორტს სრულად აკრძალავს.

The Guardian-ის ცნობით, ევროპის მასშტაბით პოლონეთს აბორტთან დაკავშირებით ყველაზე მკაცრი კანონები აქვს. პოლონეთში აბორტი მხოლოდ ფეხმძიმობის ადრეულ ეტაპზე და სამ შემთხვევაშია დაშვებული: როცა დედის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება, როცა ნაყოფის განვითარებაა შეფერხებული, ან როცა ქალი დაფეხმძიმდა გაუპატიურების და/ან ინცესტის შედეგად. გამოცემის ცნობით, აბორტის შესახებ სტატისტიკის მიხედვით, პოლონეთში ყოველწლიურად მხოლოდ რამდენიმე ასეული აბორტი ტარდება, თუმცა მისი მომხრე აქტივისტები ამბობენ, რომ ხშირია ფარული აბორტები. 

IMG_2921

აქცია პოლონეთის საელჩოსთან აბორტის აკრძალვის კანონპროექტის გამო 08.04. 2016 ფოტო: მარიამ ბოგვერაძე

ფემინისტთა დამოუკიდებელი ჯგუფის წევრის, ეკა იმერლიშვილის აზრით, აბორტის აკრძალვით ქალთა უფლებები ილახება. ჯგუფის წევრები ფიქრობენ, რომ პოლონეთი რეგიონში უნდა იყოს მაგალითი სეკულარიზმისა და ადამიანების უფლებების დაცვის საქმეში.

“ქალებს უნდა ჰქონდეთ ორსულობის შეწყვეტის უფლება ინცესტის, ძალადობისა და სამედიცინო დარღვევების შემთხვევაში“ – ამბობს, ფემინისტთა დამოუკიდებელი ჯგუფის წევრი ეკა იმერლიშვილი.

დღევანდელ აქციას შეუერთდა საქართველოში მცხოვრები პოლონელი ქალი ემანუელა, რომელიც ფიქრობს, რომ პოლონელი პოლიტიკოსები და ეკლესია ამ ნაბიჯებით საფრთხეს უქმნიან ქალთა ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს.

“ძალიან მძიმეა ჩემთვის, ვუყურო, როგორ იბრძვიან ჩემი მეგობრები საკუთარი უფლებებისთვის პოლონეთში“ – ამბობს ის.

IMG_2940

აქცია პოლონეთის საელჩოსთან აბორტის აკრძალვის კანონპროექტის გამო 08.04. 2016 ფოტო: მარიამ ბოგვერაძე

დღევანდელ აქციაში მონაწილეობდა მოძროაბა „ქალთა მზერაც“. მოძრაობა სოლიდარობას უცხადებს პოლონელ ქალებს, ეწინააღმდეგება საკონონმდებლო ინიციატივას, რომელიც კრძალავს აბორტს, ზღუდავს ხელმისაწვდომობას კონტრაცეფციულ საშუალებებზე და ამას კაპიტალისტურ პატრიარქატში ქალის ჩაგვრის მაგალითად განიხილავს. აქციის მონაწილეთა აზრით, მნიშვნელოვანია, საქართველოსა და პოლონეთში წინ წამოიწიოს ქალთა რეპროდუქციული ჯანმრთელობის პრობლემებმა.

„ხელები შორს საშვილოსნოსგან“ და „ჩემი სხეული ჩემი საქმეა“ – ამ ფრაზების სკანდირებით ათასობით ადამიანი გამოვიდა ვარშავაში, პარლამენტის შენობის წინ, მას შემდეგ, რაც მმართველმა პარტიამ ახალ კანონპროექტზე დაიწყო საუბარი.

გარდიანის ინფორმაციით, დებატები რეპროდუქციულ უფლებებზე უკვე რამდენიმე თვეა, რაც გრძელდება. კონსერვატიული პარტია, რომელიც ხელისუფლებაში ოქტომბერში მოვიდა, გეგმავს, რომ რეგულაციები კათოლიკური ეკლესიის სწავლებებს დაუკავშიროს, რაც ლიბერალებსა და ქალთა უფლებებისთვის მებრძოლი აქტივისტების გაღიზიანებას იწვევს.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი