ახალი ამბები

ადვოკატები დევნასა და ზეწოლას აპროტესტებენ

26 სექტემბერი, 2011 • • 1187
ადვოკატები დევნასა და ზეწოლას აპროტესტებენ

ზაზა ხატიაშილი, ფოტო: ადვოკატთა ასოციაცია
ზაზა ხატიაშილი, ფოტო: ადვოკატთა ასოციაცია

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია დღეს, 26 სექტემბერს, 17:00 საათზე საქართველოს უზენაეს სასამართლოსთან ფართომასშტაბიან სოლიდარობის აქციას გამართავს. ისინი ადვოკატთა დევნასა და ხელისუფლებიდან წამოსულ ზეწოლას აპროტესტებენ.

ადვოკატთა ასოციაციის ხელმძღვანელმა ზაზა ხატიაშვილმა განაცხადა, რომ  ,,16 სექტემბერს მოწვეულ იქნა ადვოკატთა უფლებების დაცვის კომისიის საგანგებო სხდომა, სადაც განიხილეს ადვოკატ ტარიელ მურმანიშვილის უკანონო დაპატიმრებასთან დაკავშირებული საკითხები. ეს არის ადვოკატთა კორპუსის ინსტიტუციონალური დევნის უპრეცედენტო შემთხვევა, როდესაც ადვოკატ ტარიელ მურმანიშვილს სდევნიან მისი პროფესიული მოვალეობის სრულყოფილად შესრულებისთვის. დღეს ყველა ადვოკატი, როგორც ხელისუფლების სამიზნე, დგება საშიშროების წინაშე, რომ  შეიძლება დააკავონ მოგონილი ბრალდებებით. საქართველოში გვაქვს ფეოდალური სასამართლო, სადაც ადვოკატებს ისევე ასამართლებენ, როგორც ფეოდალურ სახელმწიფოებში. ეს არის სირცხვილი“.

ზაზა ხატიაშვილი ყველა ადვოკატს უზენაეს სასამართლოსთან დაგეგმილ  სოლიდარობის აქციაში მონაწილეობის მიღებისკენ  მოუწოდებს.

ადვოკატი ტარიელ მურმანიშვილი სამართალდამცავებმა 2011 წლის 9 სექტემბერს თაღლითობის ბრალდებით დააკავეს. ადვოკატთა ასოციაციაში კი ირწმუნებიან, რომ მურმანიშვილის დაკავების მიზეზი გახდა მის მიერ მოგებული ერთ-ერთი ბოლო საქმე. ტარიელ მურმანიშვილმა საკუთარ კლიენტს სასამართლო დავის გზით 1.5 მილიონი ლარი მოაგებინა, თუმცა, ადვოკატთა ასოციაციაში ამბობენ, რომ კლიენტმა მოგებული თანხიდან ადვოკატისთვის გასამრჯელოს გადახდაზე უარი თქვა, სამართალდამცავებს შეეკრა და იურისტი დააჭერინა.

მასალების გადაბეჭდვის წესი