ახალი ამბები

კუდ-ის მაღალჩინოსნის აღიარება უკანონო მოსმენებისთვის შექმნილ ‘ვირუსული პროგრამაზე’

16 ნოემბერი, 2012 • 3410
კუდ-ის მაღალჩინოსნის აღიარება უკანონო მოსმენებისთვის შექმნილ ‘ვირუსული პროგრამაზე’

“მისგან ეს იდეა თავიდან იყო სრულიად შემთხვევითი, რადგან შემთხვევით თქვა, რომ ხალხს რომ მოვუსმინოთ, კომპიუტერის სადენი გადავუჭრათ და ჩვენი მივუმაგროთო. აღნიშნულის შემდეგ კი უკვე ოფიციალურად მთხოვა, რომ მართლაც შემექმნა ისეთი პროგრამა, რითაც ფარულად და არაოფიციალურად შეძლებდა ხალხის მოსმენას და მოიპოვებდა ინფორმაციას”, – წერს ბექა კვარაცხელია ჩვენებაში.

 

მისივე თქმით, იმისათვის, რომ ასეთი პროგრამა შეექმნა, ვაჟა ლელუაშვილმა და დეპარტამენტის დირექტორმა დათა ახალაიამ მას შეუქმნეს ყველანაირი პირობა:

 

“კარგი პროგრამისტი, ვინც კი მოწონებას და ნდობას დაიმსახურებდა, ჩემი მოთხოვნით, ვნიშნავდით სამსახურში, უბრალოდ, გასაუბრების გავლის საფუძველზე. აქვე განვმარტავ, რომ მაღალი დონის პროგრამისტები უმეტესობა ერთმანეთს ვიცნობთ. მე სამსახურში მივიღე ვასილ ჯამალაშვილი და ავთანდილ სოლომონიშვილი, რათა ისინი დამხმარებოდნენ ამ პროგრამის შექმნაში. ამ საქმისათვის ასევე მეხმარებოდა ერმალოზ ებანოიძეც, რომელიც არის ჩემი თანამშრომელი. ფაქტიურად, ჩვენი სამსახური მუშაობდა მხოლოდ ამ საქმეზე, სხვას არავინ არაფერს არ გვთხოვდა”, – აღნიშნავს კვარაცხელია.

 

მისივე თქმით, დათა ახალაიამ და ვაჟა ლელუაშვილმა იცოდნენ, რომ ზემოთ ჩამოთვლილი 5 ადამიანი მუშაობდა ამ თემაზე და ამისთვის პრემიასაც იღებდნენ.

 

“დაახლოებით ერთ თვეში მოვახდინეთ პროგრამის შექმნა. აღნიშნული პროგრამით შესაძლებელი გახდა დაინტერესებული ობიექტის კომპიუტერში შეღწევა, მასში არსებული ინფორმაციის ნახვა და კოპირება, კომპიუტერის ეკრანის ყურება და იმ შემთხვევაში, თუ კომპიუტერს ეყენა მიკროფონი, შესაძლებელი იყო იმ ოთახში საუბრების მოსმენა, სადაც იდგა კომპიუტერი. ეს იმ შემთხვევაში, თუ კომპიუტერი ჩართული იყო ინტერნეტის ქსელში. ასევე, შესაძლებელი იყო აღნიშნული საუბრების ჩვენს კომპიუტერებში გადმოწერა, რასაც პროგრამა ასრულებდა ავტომატურად ისე, რომ კომპიუტერის მეპატრონე აღნიშნულს ვერ ხვდებოდა”, – წერს ბექა კვარაცხელია და იქვე აღწერს, თუ როგორ ხდებოდა ეს პროცედურულად:

 

“დაინტერესებულ ობიექტს ელექტრონულ ფოსტაზე ვუგზავნით რაიმე მისთვის საინტერესო ფაილს, ეს შეიძლება იყოს სურათი, ვიდეო, რაიმე წერილი ან სხვა და მისი გახსნის შემთხვევაში უკვე პროგრამა ავტომატურად ინსტალირდება კომპიუტერში და იწყებს მოქმედებას. ასევე დავამატებ, რომ ამ პროგრამის მეშვეობით შესაძლებელი გახდა, გაგვეგო კომპიუტერში კლავიატურით შეყვანილი კომბინაციები (კოდები). პროგრამა ახდენდა კომპიუტერის მიმდებარედ საუბრების ფარულად ჩაწერას, რის შემდგომაც შესაძლებელი ხდებოდა აღნიშნული საუბრების ჩვენს კომპიუტერში გადმოტანა და შემდგომ საუბრების გაშიფვრა. მოპოვებულ ინფორმაცია ინახებოდა ჩვენს კომპიუტერებში და საჭიროების შემთხვევაში ხდებოდა დისკებზე კოპირება. აქვე მოგახსენებთ და განვმარტავ, რომ ჩვენს დეპარტამენტში ხდება ოპერტიულ-სამძებრო ღონისძიების სანქცირებულად ჩატარება, მაგრამ მე ჩემს თანამშრომლებთან ერთად ვახდენდი არასანქცირებულ ფარულ აუდიომოსმენას.”

 

კვარაცხელიას თქმით, ის და მისი თანამნშრომლები – ერმალოზ ებანოიძე, ავთო სოლომნიშვილი, ვასილ ჯამალაშვილი, გიორგი ჯავახიძე და ალექსანდრე ბოცვაძე ასეთი სახით ახდენდნენ საქართველოში სხვადასხვა პოლიტიკური პირებიდან ინფორმაციის ფარულად და არასანქცირებულად დაუფლებას, რაზედაც ნებართვა და მითითება ჰქონდათ ვაჟა ლელუაშვილისაგან და დათა ახალაიასგან. 

 

“მოგახსენებთ, რომ 2012 წლის 26 სექტემბრის, როდესაც მე  ვმუშაობდი შს სამინისტროს ოპერატიულ-ტექნიკურ დეპარტამენტში დირექტორის მოადგილის თანამდებობაზე, ტელეფონით დამიკავშირდა შს სამინისტროს მაშინდელი მინისტრის მოადგილე შოთა ხიზანიშვილი და დამავალა მომეძია სხვადასხვა სახის ფარული მასალები კოალიცია „ქართული ოცნებიდან“, რომლებიც გამოიწვევდა აღნიშნული კოალიციის წევრთა და ლიდერთა უნდობლობას ხალხის მიერ. მე დაგროვებული მქონდა უამრავი ასეთი სახის მასალა (საუბრები), საიდანაც ავარჩიე ჩემ მიერ ფარულად და არასანქცირებულად   მოპოვებული რამოდენიმე პოლიტიკური პირის საუბრები, დავაკოპირე შესაბამის დისკებზე და 2012 წლის 26 სექტემბერს, საღამოს საათებში ქ. თბილისში, ავლაბარში, პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიმდებარედ დაბარებისამებრ შევხვდი შოთა ხიზანიშვილს და გადავეცი რამოდენიმე დისკი, რომელზედაც ჩაწერილი იყო კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრთა საუბრები. მე წამოვედი სამსახურში, შოთა ხიზანიშვილი კი შევიდა პრეზიდენტის სასახლეში”, – წერს ჩვენებაში ბექა კვარაცხელია.

 

მისივე თქმით, იმავე დღეს, გვიან საღამოს შოთა ხიზანიშვილი მივიდა მოდულის შენობაში და დაურეკა.

 

“მაშინვე შევხვდი ხიზანიშვილს და მან გადმომცა ჩემ მიერ გადაცემული დისკები და მითხრა, რომ დამირეკავდა და დანარჩენს ტელეფონზე მეტყოდა. მეორე დღეს, დილით, ანუ 2012 წლის 27 სექტემბერს, დაახლოებით 09:00 საათისათვის დამირეკა შოთა ხიზანიშვილმა და მითხრა, რომ ამოარჩია საჭირო საუბრები, რომლებიც მე უნდა გამეთავსებინა ინტერნეტ– სივრცის „იუთუბის“ ვიდეოპორტალზე, ისეთი სახით, ვითომდა აღნიშნული საუბრები მოპოვებული იქნა ბესარიონ სურმავას მიერ. ბესარიონ სურმავა კი იყო კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერის დაცვის თანამშრომელი. მოგახსენებთ, რომ საუბრები ისეთი სახით უნდა განთავსებულიყო, ვითომდა აღნიშნული ინფორმაცია ინტერნეტ– სივცეში გაავრცელა ბესარიონ სურმავამ. მე ასევე შოთა ხიზანიშვილმა მომაწოდა ბ.სურმავას საუბრის ჩანაწერი და მითხრა, რომ ეს ვიდეო უნდა ყოფილიყო „იუთუბის“ პორტალზე განთავსებული ინფორმაციის თავსართი. ასევე გადმომცა ორი სატელეფონო საუბარიც. აღნიშნული კი უნდა გამეკეთებინა პერიოდულად შოთა ხიზანიშვილის მიერ მითითებული დღეების მიხედვით.”

 

კვარაცხელია ჩვენებაში ასევე წერს, რომ აღნიშნული მასალების გადმოცემამდე მან თავის სამსახურში, მოდულის შენობაში, მეორე სართულზე, სათათბრო ოთახში შემთხვევით შენიშნა ბესარიონ სურმავა, შოთა ხიზანიშვილი და მისთვის უცნობი რამოდენიმე პიროვნება, რომლებიც კამერის მეშვეობით ახორციელებდნენ გადაღებას:

 

“2012 წლის 27 სექტემბერს შოთა ხიზანიშვილის მითითებით, მის მიერ ამორჩეული აუდიოჩანაწერებიდან „იუთუბის“ პორტალზე ჩემი თანამშრომლებიდან ავთანდილ სოლომონიშვილმა ჩემი თანდასწრებით დაარეგისტრირა მომხმარებლი „ბესო სურმავა“, რომელსაც მიენიჭა მომხმარებლის პირადი კოდი, რომელიც არ მახსოვს. რის შემდგომაც მოხდა შ.ხიზანიშვილის მიერ წინაწარ შერჩეული მასალების ატვირთვა „ბესო სურმავას“ მომხმარებლის სახელით. პირველად აიტვირთა ბესო სურმავას მიმართვის ვიდეოჩანაწერი, სადაც იგი მიუთითებს, რომ ვითომდა მის მიერ ფარულად მოპოვებული იქნა რამოდენიმე აუდიოჩანაწერი, რომლებსაც იგი განათავსებს აღნიშნულ პორტალზე. რის შემდგომაც მოხდა იმ ჩანაწერების თანმიმდევრობით ატვირთვა, რომელიც მიმითითა შ.ხიზანიშვილმა. აღნიშნული ხდებოდა სამი დღის განმავლობაში და ჩვენ მიერ ხდებოდა იმ მასალის ატვირთვა, რომელებსაც თანმიმდევრულად მითითებდა შ. ხიზანიშვილი. ხოლო აღნიშნული ატვირთული მასალების ნახვა კი შეეძლო ყველა მსურველს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ინფორმაცია ასევე გავრცელდა ტელევიზიის მეშვეობით.”

 

კვარაცხელია აღნიშნავს, რომ 2012 წლის 27, 28, 29 სექტემბერს მისი და მისი თანამშრომლების მიერ მოხდა შემდეგი აუდიოჩანაწერების განთავსება: გუბაზ სანიკიძის, გია ხუხაშვილის, ირაკლი ღარიბაშვილის, ირაკლი ალასანიას, რომან კუსიანის, სანდრო ბრეგაძის, გიორგი გეგეჭკორის და სხვა პოლიტიკური პირების საუბრები.

 

კვარაცხელია წერს, რომ კომპიუტერული პროგრამის მეშვეობით ფარულად მოპოვებული ყველა მასალას  პირადად 2010 წლიდან ეცნობოდა:  

 

“ჩვენ მიერ შექმნილ „ვირუსს“ პროგრამულად მითითებული ჰქონდა მოპოვებული ინფორმაციის მიწოდების მისამართი. აღნიშნული მისამართი კი იყო ჩვენი „აი პი“ მისამართი, რომელიც ეკუთვნოდა „მოდულის“ შენობის ერთ-ერთ ოთახში განთავსებულ კომპიუტერებს, სადაც ავტომატურად იყრიდა თავს პროგრამის მიერ ფარულად მოპოვებული ინფორმაცია. აღნიშნულ კომპიუტერებთან სამსახურებრივად წვდომა გვქონდა ექვს თანამშრომელს: მე, ავთო სოლომნიშვილს, გიორგი ჯავახიძეს, ვასილ ჯამალაშვილს, ერმალოზ ებანოიძეს და ალექსანდრე ბოცვაძეს, რომლებიც, როგორც მე, ისინიც ეცნობოდნენ ფარულად მოპოვებულ ინფორმაციას.”

 

კვარაცხელიას თქმით, 2012 წლის 2 ოქტომბერს საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შედეგების შემდგომ მათ (ექვსივე თანამშრომელმა) ამ წლებში მოპოვებული ყველა მასალა წაშალეს და გაანადგურეს:

 

“თავიდან, როდესაც პროგრამა ახალი შექმნილი იყო, ვუსმენდით ოპერატიულად საინტერესო პირებს, მაგრამ მას შემდეგ, რაც არჩევნებისათვის გამოცხადდა მზადება, გადავერთეთ პოლიტიკურ თემაზე და მთელი ჩემი სამსახურის თანამშრომლების საქმიანობა მიმართული იყო იქეთ, რომ მოგვესმინა კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრთათვის. აღნიშნულის შესახებ დავალება მიღებული მქონდა ვაჟა ლელუაშვილისაგან. ჩვენ მოვახერხეთ, რომ ამ პროგრამის საშუალებით მოგვესმინა ეკა ბესელიასათვის, გუბაზ სანიკიძისათვის, გია ხუხაშვილისათვის, გიორგი გეგეჭკორისათვის, გია ვოლსკისათვის, ირაკლი ღარიბაშვილისათვის, დავით უსუფაშვილისათვის, ზაქარია ქუცნაშვილისათვის, სოზარ სუბარისათვის და ფაქტიურად მოცული გვქონდა მთელი კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერები”, – წერს ჩვენებაში ბექა კვარაცხელია.

 

მისივე თქმით, მიღებულ ინფორმაციას ისინი აწვდიდნენ ვაჟა ლელუაშვილს და დათა ახალაიას, თუმცა ჩვენების ბოლოს კვარაცხელია აღნიშნავს, რომ ბოლო ერთი წელია მას კონტაქტი აღარ ჰქონია დათა ახალაიასთან და ინფორმაციას აწვდიდა მხოლოდ ვაჟა ლელუაშვილს.

 

შეგახსენებთ, რომ შსს-ს ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტამენტი დირექტორის მოადგილე ბექა კვარაცხელია სისხლის სამართლის ოთხი მუხლის დარღვევის ბრალდებითაა დაკავებული, ესენია: 158-ე მუხლი – კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევა, 284-ე მუხლი – კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევა, 285-ე მუხლი – კომპიუტერული მონაცემის ან/და კომპიუტერული სისტემის უკანონოდ გამოყენება და 333-ე მუხლი – სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება.

მასალების გადაბეჭდვის წესი