ახალი ამბები

მეტროს თანამშრომელთა დაანონსებული გაფიცვა სასამართლოს გადაწყვეტილების გამო გადაიდო

8 აპრილი, 2016 • 1457
მეტროს თანამშრომელთა დაანონსებული გაფიცვა სასამართლოს გადაწყვეტილების გამო გადაიდო
თბილისის სატრანსპორტო კომპანიის დამოუკიდებელი პროფესიული კავშირ “ერთობა2013”-ის მიერ 8 პრილისთვის დაანონსებული გაფიცვა გადაიდო -ამის შესახებ “ნეტგაზეთს” პროფკავშირში განუცხადეს. 

გაფიცვის გადადების მიზეზი გახდა სასამართლოს  მიერ 6 აპრილით დათარიღებული განჩინება, რომლის გამოც პროფკავშირის მიერ 8 აპრილს დაანონსებული აქცია 30 კალენდარული დღით გადაიდო.

როგორც ამავე განჩინებიდან ირკვევა, “თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ”, რომელიც მეტროპოლიტენს მართავს, სასამართლოს განცხადებით 2016 წლის 5 აპრილს მიმართა და, შრომის კოდექსის შესაბამისად,  თანამშრომელთა აქციის გადადება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ასმათ კოხრეიძემ ეს მოთხოვნა დააკმაყოფილა.

7 აპრილს განცხადება გამოაქვეყნა თბილისის სატრანსპორტო კომპანიამაც, სადაც აღნიშნულია, რომ მეტროს თანამშრომელთა  მოთხოვნებზე “კონსტრუქციული მოლაპარაკებების გამართვის შემთხვევაში არსებობს რესურსი იმისთვის, რომ საბოლოოდ მიღწეული იყოს კომპრომისი „ერთობა 2013″-თან, რომელიც დააკმაყოფილებს, როგორც მემანქანეებს, ასევე არ დააზარალებს კომპანიას და არ გამოიწვევს ქალაქის სატრანსპორტო ქსელის შეფერხებას”.

მეტროს თანამშრომლებმა სამუშაო პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით აქცია 1 მარტს გამართეს. მათი ძირითადი მოთხოვნებია ღამის სამუშაო საათების განსხვავებულად ანაზღაურება, წელთა ნამსახურეობის შესაბამისად ანაზღაურების მომატება და ხელფასის გაზრდა. მარტის დასაწყისში გამართულ აქციაზე პროფკავშირმა ასევე განაცხადა, რომ იწყებდა წინასაგაფიცვო მოქმედებებს და მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში გაიფიცებოდნენ.

მეტროს თანამშრომლებს სოლიდარობა გამოუცხადა რკინიგზელთა ახალმა პროფკავშირმა

მასალების გადაბეჭდვის წესი