ახალი ამბები

გამოწვევები შინაგან საქმეთა სამინისტროს საკადრო პოლიტიკაში – EMC-ის კვლევა

6 აპრილი, 2016 • 1611
გამოწვევები შინაგან საქმეთა სამინისტროს საკადრო პოლიტიკაში – EMC-ის კვლევა

 შსს-ში არსებულ საკადრო პოლიტიკასა და პოლიციის პოლიტიკური ნეიტრალიტეტის კუთხოთ არსებულ გამოწვევებზე „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC)“ საკანომდებლო მიმიხილვაში არის საუბარი.

როგორც მიმოხილვაში არის აღნიშნული, პოლიციის თანამშრომლების პოლიტიკური ნეიტრალიტეტი ვერ მიიღწევა მხოლოდ პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპის კანონის დონეზე განმტკიცებით. EMC წერს, რომ ეს საკითხი პირდაპირ კავშირშია თანამშრომელთა სამსახურში აყვანისა და სამსახურიდან გათავისუფლების მომწესრიგებელ ნორმატიულ ბაზაზე, თანამშრომელთა დისციპლინირებისა და წახალისების პროცედურებზე, ამ პროცედურების გამჭვირვალობასა და დემოკრატიულობის ხარისხზე. 

EM-ის საკანომმდებლო მიმოხილვის თანახმად, რიგი საკითხები კანონის დონეზე მოუწესრიგებულია და ისინი მინისტრის ბრძანებითაა რეგულირებული. მათ შორის არის ის საკითხიც, რომ მინისტრს ერთპიროვნულად შეუძლია პოლიციის დისციპლინირების საკითხის ერთპიროვნულად გადაწყვეტა

“ხშირ შემთხვევაში, მინისტრის ბრძანებები არ არის საკმარისად ნათელი და, ამავდროულად, ისინი კვლავ მინისტრს აღჭურავს კონკრეტული, თუმცა ბუნდოვნად რეგულირებული უფლებამოსილებებით. ასეთ უფლებამოსილებებში ექცევა საგამონაკლისო, განსაკუთრებულ შემთხვევებში თანამშრომელთა დანიშვნა/გათავისუფლების, მათი დაწინაურება/დაქვეითებისა თუ სამსახურებრივი გადაადგილების საკითხები, რა დროსაც ფაქტობრივად არ ხდება საკითხის განხილვა კოლეგიური ორგანოს მიერ და მინისტრი ერთპიროვნულად იღებს გადაწყვეტილებას. მნიშვნელოვან ხარვეზს წარმოადგენს მინისტრის მიერ პოლიციელის დისციპლინირების საკითხის ასევე ერთპიროვნულად გადაწყვეტა, რა დროსაც პოლიტიკური თანამდებობის ფიგურას შეუძლია უგულებელყოს გენერალური ინსპექციის მიერ მომზადებული რეკომენდაცია და მიიღოს განსხვავებული გადაწყვეტილება. 

ზემოაღნიშნული პრობლემები კიდევ უფრო მწვავდება იმ ფონზე, რომ სამინისტროში არაა შექმნილი მამხილებლის დაცვის ეფექტური მექანიზმი, მეტიც, ზოგადად არაა რეგულირებული, როგორ უნდა მოხდეს უშუალოდ პოლიციელის მიერ სისტემის შიგნით ჩადენილ დანაშაულზე/გადაცდომაზე რეაგირებადა აღნიშნული ფაქტის მხილება. ასეთ პირობებში კი, როდესაც შეზღუდულია პოლიციის საქმიანობაზე გარე კონტროლის მექანიზმები, შიდა რეგულაციები კი, მათ შორის თანამშრომლებისთვისაც, ხშირ შემთხვევაში მეტად ბუნდოვანია, იზრდება კონკრეტულ პოლიციელებზე ზეგავლენის და შემდგომში ამის ვიწრო პოლიტიკური ინტერესებით გამოყენების რისკები, რაც ზოგადად პოლიციის, როგორც სამართალდაცვითი და საზოგადოებრივ წესრიგზე პასუხისმგებელი ორგანოს ბუნებრივ ფუნქციებსა და თვისებებს სცილდება,” – აღნიშნულია მიმოხილვაში.

გარდა ამისა, მიმოხილვაში ხარვეზად არის მიჩნეული ისიც, რომ დისციპლინური სახდელის დადების უფლება მხოლოდ შს მინისტრს აქვს. გარდა ამისა, დისციპლინური გადაცდომის შესაძლო ჩამდენი არ არის სამართლებრივად დაცული:

“განსხვავებით ბევრი სხვა სამსახურისგან, სადაც დისციპლინური სახდელის შეფარდებისა და მოხსნის უფლებით აღჭურვილია კონკრეტული თანამდებობის პირი თუ ორგანო, შინაგან საქმეთა სამინისტროში  მათგან ნებისმიერი სახის სახდელის დადების უფლებამოსილება მხოლოდ შინაგან საქმეთა მინისტრს აქვს, დანარჩენი თანამდებობის პირებს კი მხოლოდ ნაკლებად მკაცრი სანქციის გამოყენება შეუძლიათ. მნიშვნელოვან ხარვეზად უნდა ჩაითვალოს ის, რომ თანამშრომელი, რომლის მიმართაც დისციპლინირების პროცესი ხორციელდება, სამართლებრივი დაცვის ადეკვატური მექანიზმებით არ არის აღჭურვილი. აგრეთვე, არ არის უზრუნველყოფილი დისციპლინური სახდელის შესახებ გადაწყვეტილების მიღების პროცესში გადაცდომის შესაძლო ჩამდენის ჩართულობა და მის მიერ საკუთარი უდანაშაულობის მტკიცების შესაძლებლობა,”- აღნიშნულია მიმოხილვაში.
გამოქვეყნებულ დოკუმენტში EMC ყურადღებას ამახვილებს გენერალური ინსპექციის საქმიანობაზეც და აღნიშნავს, რომ გენინსპექციის ინსტიტუციური დამოუკიდებლობის ხარისხი მცირეა.
“მინისტრს აქვს შეუზღუდავი ძალაუფლება, ჩაერიოს გენერალური ინსპექციის საქმიანობაში, ისე როგორც ამას სხვა დეპარტამენტების თუ ორგანოების მიმართ ახორციელებს. გენერალურ ინსპექციას მინისტრი აყალიბებს და ინსპექცია სწორედ მის წინაშეა ანგარიშვალდებული. ამავდროულად, სამსახურის მიერ მომზადებულ დასკვნებს სარეკომენდაციო ხასიათი აქვს და საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას მინისტრი სარგებლობს უფლებამოსილებით, არ გაითვალისწინოს აღნიშნული დასკვნები და განსხვავებული შინაარსის გადაწყვეტილება მიიღოს. მინისტრს არც განსხვავებული გადაწყვეტილების დასაბუთების ვალდებულება აქვს. ამდენად, საქმეში საბოლოო გადაწყვეტილების მიმღები არა კოლეგიური ორგანო, არამედ ერთპიროვნულად პოლიტიკური თანამდებობის პირია. 
გასათვალისწინებელია, რომ გენერალური ინსპექცია ანგარიშვალდებულია მხოლოდ მინისტრის – პოლიტიკური თანამდებობის პირის წინაშე და სამსახურს არ აქვს გარე ანგარიშვალდებულება,  შესაბამისად, სისტემის გარეთ მათი საქმიანობის შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომი არ არის, რაც მნიშვნელოვნად ართულებს ორგანოს საქმიანობის გარე კონტროლს და, ამავდროულად, ზრდის მისი პოლიტიზების რისკებს. ეუთოს სახელმძღვანელო პრინციპების თანახმად, გარე ზედამხედველობის მექანიზმის გარეშე, პოლიციის ხელმძღვანელობას შეუძლია ისარგებლოს თავისუფლებით, არ გამოიძიოს ან არ დასაჯოს არასათანადო ქცევა, რაც, საბოლოო ჯამში, კონტროლის არაეფექტურობას და თანამშრომლებში დაუსჯელობის სინდრომის გაძლიერებას გამოიწვევს,”- აცხადებს EMC.
მიმოხილვა ასევე მოიცავს 2012-2015 წლებში შსს-ს გენერალურ ინსპექციაში შესული განცხადებებისა და ცხელ ხაზზე შესული შეტყობინებების, აგრეთვე გენერალური ინსპექციის მიერ ამავე პერიოდში თანამშრომლებისათვის დაკისრებული დისციპლინური სახდელების სახეებისა და რაოდენობის შესახებ სტატისტიკურ ინფორმაციას. ამ ინფორმაციიდან ირკვევა, რომ 2015 წლის 31 ოქტომბრისა ჩათვლით გენერალურმა ინსპექციამ სასტიკი საყვედური უწყების 514 თანამშრომელს გამოუცხადა.

emc22

emc

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი