საპროტესო აქციების საშემოდგომო სეზონს საქართველოში “ეროვნული ფორუმი”  “ქართველთა მარშით” გახსნის. 27 სექტემბრისთვის დაგეგმილ აქციას “სახალხო კრებაც” შეუერთდება.

“უნდა მოხდეს დემონსტრირება ქართველი ხალხის მიერ, რომ არიან, სულ ცოტა, უკმაყოფილონი და განრისხებულნი იმ პოლიტიკის გამო, რომელსაც სააკაშვილის ანტიქართული ხელისუფლება ატარებს”, – აცხადებს გუბაზ სანიკიძე, “ეროვნული ფორუმის” იდეოლოგიური მდივანი.

“ქართველთა მარში” ერთჯერადი აქცია იქნება და იგი 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით გაიმართება.

“ჩვენ უნდა გავაკეთოთ დემონსტრირება მთელი მსოფლიოს თვალწინ და ასევე, ამ ხელისუფლებასაც უნდა დავანახოთ, რომ ჩვენ არა ვართ შეშინებული, გათითოკაცებული ადამიანების ჯგუფი, არამედ ვართ ერი, ორიენტირებული ბედნიერ მომავალზე, სოხუმის დაბრუნებაზე, ცხინვალის დაბრუნებაზე, ქვეყნის უსაფრთხოებაზე და ა.შ. ასე რომ, ჩვენი სახოგადობა მზად არის იმისათვის, რომ დემონსტრირება მოახდინოს თავისი ორგზანიზებულობის, მრავალრიცხოვნობის, მითუმეტეს, თუ გავითვალისწინებთ, რა პროცესებიც მიდის მთელ მსოფლიოში. როგორც ჩანს, უკვე შეუქცევადი პროცესია, როცა ერები და ნაციები თავისი უფლებებისათვის იბრძვიან”, – ამბობს გუბაზ სანიკიძე.

მისივე თქმით, მარშის ჩატარების იდეა წინასწარ არც ერთ პოლიტიკურ ჯგუფთან არ შეთანხმებულა, მათ შორის არც ოპოზიციური “ექვსიანის” შემადგენელ პარტიებთან, რომლის წევრიც გახლავთ “ეროვნული ფორუმი”. თუმცა “ფორუმი” მიესალმება, თუკი მათ მიერ დაგეგმილ აქციას სხვა პოლიტიკური გაერთიანებებიც შეუერთდებიან. პირველი ნაბიჯი ამ კუთხით “სახალხო კრებამ” გადადგა.

“ჩვენ მივესალმებით იმას, რომ ბატონმა გუბაზმა გამოაცხადა მარშის თაობაზე. მე, პირადად, და ვიცი კრებაშიც განწყობა როგორია, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ყველა გვლანძღავდა და  გვებრძოდა 26 მაისის წინ, ჩვენ ვდგავართ ყოველთვის იქ, სადაც დგას ხალხი და ვიქნებით მუდმივად ხალხთან ერთად.

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ანალოგიური გვქონდა დაგეგმილი ოქტომბრის თვეში, ჩვენ 27 სექტემბერს, ჯვართამაღლება დღეს, მხარს დავუჭერთ ამას იმის გამო, რომ დღეს ხალხთან დგომას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა”, – აცხადებს თემურ შაშიაშვილი, “თეთრების” ლიდერი და “სახალხო კრების” წარმომადგენელი.

“სახალხო კრების” აღმასრულებელმა საბჭომ გუშინ სპეციალური განცხადებაც გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ 26 მაისის შემდეგ “სახალხო კრების” წარმომადგენლების მიმართ ხორციელდება ტერორი და “საქართველოში ჩამოყალიბებული ავტორიტარული რეჟიმი დიქტატურად გადაიქცა”.

“კრების” ერთ–ერთი ლიდერის, ნინო ბურჯანაძის თქმით, დღემდე უკანონოდ არის დალუქული “სახალხო კრების” სათაო ოფისი, ჩამორთმეულია ავტომანქანები, გახმოვანებისა და სხვა ტექნიკური საშუალებები და ორგანიზაციას არ ეძლევა მუშაობის გაგრძლების საშუალება როგორც თბილისში, ისე – რეგიონებში.

“მივმართავთ დიპლომატიურ კორპუსს, განახორციელოს საერთაშორისო ზეწოლა ხელისუფლებაზე, რათა “სახალხო კრებამ”, რომლის საქმიანობა ოფიციალურად არც აკრძალულია და არც შეჩერებული, ჩვეულ რიტმში მოახერხოს ფუნქციონირება რეჟიმის მხრიდან უკანონო ხელის შეშლის გარეშე. ის უპრეცედენტო ზეწოლა, რომელიც ჩვენზე, როგორც რეალურ მებრძოლ და შეურიგებელ ძალაზე ხორციელდება, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ქვეყანაში მყარდება დიქტატორული რეჟიმი”, – ნათქვამია “სახალხო კრების” მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

“არის ტერორი ჩვენი წარმომადგენლების წინააღმდეგ, არის უსამართლო დასჯა და ყველა ეს საქმე მივა სტრასბურგამდე, მაგრამ სტრასბურგამდე, მე ვარ დარწმუნებული, რომ ჩვენი ერთობლივი ბრძოლით ჩვენს ხალხთან ერთად მივაღწევთ ამ უსამართლო ხელისუფლების შეცვლას და უპირველეს ყოვლისა ქართული სასამართლო გაამართლებს იმ ადამიანებს, რომლებსაც საქართველოს და ქართველი ხალხის, საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ არანაირი დანაშაული არ მიუძღვის და რომლებიც იბრძოდნენ ამ რეჟიმის, დამნაშავე, დიქტატორული რეჟიმის წინააღმდეგ”, – აცხადებს ნინო ბურჯანაძე.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *