ახალი ამბები

პრეზიდენტის განცხადებით, პრემიერთან შეხვედრისას საკადრო ცვლილებების საკითხი არ განხილულა

5 აპრილი, 2016 • 1129
პრეზიდენტის განცხადებით, პრემიერთან შეხვედრისას საკადრო ცვლილებების საკითხი არ განხილულა

საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, პრემიერ-მინისტრთან დღევანდელ შეხვედრაზე სამთავრობო ან საკადრო ცვლილებების საკითხი არ განხილულა.

“დღეს პრემიერ-მინისტრთან, აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან მქონდა ნაყოფიერი შეხვედრა, რომლის ფარგლებშიც ჩვენ მიმოვიხილეთ რეგიონში არსებული ვითარება და კოორდინირებული მუშაობა როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ, საქართველოსა და რეგიონის სასიკეთოდ. დღევანდელ შეხვედრაზე სამთავრობო ან საკადრო თემები არ განხილულა,” – განაცხადა მარგველაშვილმა.

პრეზიდენტის თქმით, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები 8 ოქტომბერს ჩატარდება:

“მინდა ქართულ საზოგადოებას მოვახსენო, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები დანიშნულია 8 ოქტომბერს. ამის თაობაზე კოტრასიგნაციისათვის შესაბამისი დოკუმენტაცია გადაეგზავნება საქართველოს პრემიერ-მინისტრს ხვალვე.”

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრის მონაწილეებმა პრეზიდენტისგან მოისმინეს ინფორმაცია ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტთან დაკავშირებით, ასევე ისაუბრეს ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე. მათი ინფორმაციით, საუბარი ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს და რეგიონში არსებულ ვითარებას შეეხო.

სამუშაო შეხვედრა დღეს, 5 აპრილს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა. საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის და პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის გარდა, შეხვედრას ესწრებოდნენ: საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაური, დაზვერვის სამსახურის უფროსი დავით სუჯაშვილი, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ირინა იმერლიშვილი და პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი დაესწრნენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი