ახალი ამბები

საარჩევნო სიაში მოხევდრის შემთხვევაში პრემიერს შესაძლოა გადადგომის ვალდებულება მოეხსნას

4 აპრილი, 2016 • 1335
საარჩევნო სიაში მოხევდრის შემთხვევაში პრემიერს შესაძლოა გადადგომის ვალდებულება მოეხსნას

ზვიად კვაჭანტირაძემ და ვახტანგ ხმალაძემ პარლამენტს საკანონმდებლო ინიციატივით მიმართეს, რომლის მიხედვით, საქართველოს პრემიერ-მინისტრს თანამდებობიდან გადადგომა აღარ მოეთხოვება, თუ ის საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატად იქნება წარდგენილი.

საარჩევნო კოდექსის მოქმედი რედაქციის თანახმად,  საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატად რეგისტრაციის შესახებ შესაბამისი საარჩევნო კომისიისთვის განცხადების წარდგენიდან არაუგვიანეს მეორე დღისა, პრემიერ-მინისტრი დაკავებული თანამდებობიდან უნდა გადადგეს. სწორედ ამ ნორმის შესწორება სურთ კანონპროექტის ინიციატორებს, რადგან მიიჩნევენ, რომ  ნორმა არ შეესაბამება დემოკრატიული ქვეყნების ტრადიციას:

“პრემიერ-მინისტრი  როგორც წესი, არჩევნებში გამარჯვებული პარტიის, საარჩევნო ბლოკის ან მმართველი კოალიციის პოლიტიკური ლიდერია და ახალ საპარლამენტო არჩევნებში შესაბამისს საარჩევნო სუბიექტს წარუძღვება. პრემიერ-მინისტრის მონაწილეობა საყოველთაოდ დაშვებული და გავრცელებული მოვლენაა. გარდა ამისა, საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობისთვის პრემიერ-მინისტრის სავალდებულო გადადგომა გამოიწვევს მთავრობის გადადგომას და მთავრობის ახალი შემადგენლობის ფორმირების აუცილებლობას. ასეთი ვითარება კი, საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე ახალი მთავრობის ფორმირება, რომელიც შესაძლოა ორი თვის შემდეგ მთლიანად შეიცვალოს, არანაირად არ შეესაბამება კონსტიტუციური სისტემის სტაბილურობის სახელმწიფოებრივ ინტერესს “, – აღნიშნულია განმარტებით ბარათში, რომლის ავტორები საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ზვიად კვაჭანტირაძე, “რესპუბლიკელი” ვახტანგ ხმალაძე და “კონსერვატორი” ზვიად ძიძიგური არიან.

საარჩევნო კოდექსის მოქმედი რედაქციის  112-ე მუხლის თანახმად, საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატად რეგისტრაციის შესახებ შესაბამისი საარჩევნო კომისიისთვის განცხადების წარდგენიდან არაუგვიანეს მე-2 დღისა დაკავებული თანამდებობიდან უნდა გადადგნენ და განთავისუფლდნენ შემდეგი თანამდებობის პირები:

ა) საქართველოს პრეზიდენტი;
ბ) საქართველოს, აგრეთვე ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრები, სამთავრობო და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებათა ხელმძღვანელები და მათი მოადგილეები;
გ) საქართველოს უშიშროების საბჭოს წევრები (გარდა პარლამენტის წევრებისა);
დ) საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს და საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს საბჭოს წევრები;
ე) გენერალური აუდიტორი და მისი მოადგილეები;
ვ) სახელმწიფო რწმუნებულები – გუბერნატორები და მათი მოადგილეები;
ზ) საკრებულოს თავმჯდომარე, გამგებელი, ქალაქის მერი;
თ) საქართველოს შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების,   საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებისა და დაზვერვის სამსახურების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ოფიცრები;
ი) მოსამართლეები;
კ) საქართველოს სახალხო დამცველი და მისი მოადგილე;
ლ) საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლები;
მ) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები (რომლებიც არ არიან პარლამენტის წევრები);
ნ) საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსი და მისი მოადგილეები;
ო) პროკურორები, მათი მოადგილეები, თანაშემწეები და გამომძიებლები;
პ) საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიისა და საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრები.

კანონპროექტის თანახმად, ზემოთჩამოთვლილი სიიდან ცვლილება მხოლოდ პრემიერ-მინისტრს ეხება.

მასალების გადაბეჭდვის წესი