ახალი ამბები

ბერძენიშვილი: ნორჩი და მოწიფული სტალინისტები რესპუბლიკელების საქმიანობას ვერ განსაზღვრავენ

31 მარტი, 2016 • 1657
ბერძენიშვილი: ნორჩი და მოწიფული სტალინისტები რესპუბლიკელების საქმიანობას ვერ განსაზღვრავენ

“რესპუბლიკური პარტიის” ერთ-ერთი ლიდერი, დავით ბერძენიშვილი ამბობს, რომ  “ქართული ოცნებისა” და “რესპუბლიკელების” კონკურენციის ან თანამშრომლობის რეჟიმში გადასვლა დამოკიდებულია პრემიერ-მინისტრის მიერ დაანონსებულ განახლებაზე, რომელიც “ოცნებას” ეხება:

“თუ კვირიკაშვილის განახლებული “ქართული ოცნება” იქნება თვისობრივად უკეთესი, განსხვავებული, მაშინ “რესპუბლიკურ პარტიასთან” თანაშრომლობის შესაძლებლობა მეტი იქნება და ჩვენ ამის მოსურნე ვართ. მაგრამ, თუ პარტია “ქართული ოცნების” ცალკეული დეპუტატების თუ არადეპუტატების ინდივიდუალურ რეჟიმში გაკეთებული განცხადებები, რომლებზეც პასუხისმგებლობას არავინ არ იღებს, გაგრძელდება, მაშინ, ბუნებრივია, ეს ხელს არ შეუწყობს პარტიების მჭიდრო თანამშრომლობას.”

მისივე თქმით, “რესპუბლიკური პარტია” არ არის და არც იქნება შანტაჟისტებისა და ჭორიკნების მოთხოვნების სისრულეში მოყვანის ხელშემწყობი. დეპუტატის განცხადებით,  პარტია გადაწყვეტილებას მისი[პარტიის]  პოლიტიკური დღის წესრიგიდან გამომდინარე იღებს”

“არც სტალინელების, ნორჩი იქნება თუ მოწიფული, დამოკიდებულებები არ განსაზღვრავს რესპუბლიკური პარტიის საქმიანობას რამდენიმე თვის განმავლობაში. ოკუპანტი ქვეყნის ინტერესების გამტარები, ნებსით თუ უნებლიეთ, დეკლარირებული სტალინელები, რომლებიც არიან პარლამენტში, და მათი მხრიდან შემოტევები, ან შანტაჟისტები არ იქნებიან წარმატებულები ამ პროცესში. ”

ბერძენიშვილი პრემიერ-მინისტრის შეფასებით კმაყოფილია:

“პრემიერმა პოზიტიურად შეაფასა, მშვიდად და ნორმალურად შეაფასა არსებული ვითარება და ამცნო საზოგადოებას, რომ ქართული ოცნება დამოუკიდებლად აპირებს არჩევნებში მონაწილეობას. მგონია, რესპუბლიკურმა პარტიამ ხელი შეუწყო კოალიციის სხვა პარტიებსაც – დროულად გაეგოთ, რომ თურმე ქართული ოცნებაც დამოუკიდებლად აპირებს არჩევნებში მონაწილეობას. ჩვენ მათთვისაც [კოალციაში შემავალი პარტიები]მოვიპოვეთ ეს გარკვეულობა და დრო. ”

რესპუბლიკური პარტია 2016 წლის არჩევნებში დამოუკიდებლად, არაკოალიციურ რეჟიმში მიიღებს მონაწილეობას. ამის შესახებ პარტიის თავმჯდომარე ხათუნა სამნიძემ განაცხადა.

დღესვე, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ პარტია “ქართული ოცნება” დამოუკიდებლად გავა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი