ახალი ამბები

უსუფაშვილი: რესპუბლიკური პარტია და ქართული ოცნება პარტნიორობა-კონკურენციის რეჟიმში გადადიან

31 მარტი, 2016 • 2174
უსუფაშვილი: რესპუბლიკური პარტია და ქართული ოცნება პარტნიორობა-კონკურენციის რეჟიმში გადადიან

რესპუბლიკური პარტიის წევრი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი აცხადებს, რომ პარტია ქართული ოცნება და რესპუბლიკელები პარტნიორობა-კონკურენციის რეჟიმში გადადიან. მისი თქმით, მათთვის უკვე ცნობილი იყო ქართული ოცნების გადაწყვეტილების შესახებ.

“ჩვენ გვქონდა ძალიან მჭიდრო კონსულტაციები ბატონ გიორგისთან, სხვა პირებთან, კოალიციის ლიდერებთან. და ჩვენი გადაწყვეტილების მიღებამდე ჩვენთვის ნათელი იყო, რომ პარტია ქართული ოცნების პრიორიტეტია უახლოეს არჩევნებზე დამოუკიდებლად გასვლა, როგორც პარტიის, და ამ რეალობაში ჩვენ, რა თქმა უნდა, ვიღებთ ამ გამოწვევას, ვიღებთ ამ რეალობას, რომელიც არის ნორმალური მოვლენა მრავალპარტიული ცხოვრებისთვის. მოგეხსენებათ, იქ, სადაც კოალიციები იქმნება, კოალიციები იქმნება არჩევნებიდან არჩევნებამდე ქვეყნის სამართავად. ხოლო, რაც შეეხება არჩევნებს, არჩევნებზე პარტიები გადიან ან ცალ-ცალკე, ან საარჩევნო ბლოკებად. ამიტომ ჩვენი ეს მიღებული გადაწყვეტილება არის გარკვეულად ახალი სიტყვა ქართული პოლიტიკური დემოკრატიული სისტემის განვითარებაში და წინსვლაში,”- აცხადებს უსუფაშვილი.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, რესპუბლიკური პარტიის წევრები არ დატოვებენ დაკავებულ თანამდებობებს:

“ჩვენ, რესპუბლიკურმა პარტიამ, ჩვენს განცხადებაში სრულიად მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ არავითარ შემთხვევაში ჩვენი მოქმედებებით არ დავაზიანებთ ჩვენი ქვეყნის სტაბილურობას, არ გავაჩენთ არანაირ კითხვას ქვეყნის განვითარების ვექტორებთან დაკავშირებით, არ შევუშლით ხელს ქვეყნის ეკონომიკურ წარმატებას, რომ არც ერთი კითხვა არ უნდა გაჩნდეს იმასთან დაკავშირებით, რომ ქვეყანაში რაიმე დესტაბილიზაციის საფრთხე ხომ არ არის.

ეს არის ჩემი პასუხი იმ კრიტიკოსებთანაც, რომლებიც ბრძანებენ, რომ რატომ დაუყოვნებლივ არ მიდიხართ ოპოზიციაში. არ მივდივართ. იმიტომ არ მივდივართ, რომ ერთად ავიღეთ პასუხისმგებლობა და ჩვენ ერთად ვმართავთ ქვეყანას და კარგად გვესმის ის, რომ ჩვენი ახლა პოსტებიდან წასვლა, ან უმრავლესობის დაშლა პარლამენტში და ა.შ. რა სირთულეს შექმნის. ამიტომ ჩვენ გვექნება ძალიან მჭიდრო კომუნიკაცია, როგორც გვქონდა დღემდე, მიმდინარე საქმეებშიც, სამთავრობო საკითხებშიც.”

როგორც უსუფაშვილი აცხადებს, პარტიები თანამშრომლობას გააგრძელებენ და ქვეყნის სტაბილურობასა საფრთხე არ შეექმნება.

“ასე რომ, ცხოვრება გრძელდება, არანაირი შეშფოთების საფუძველი ქვეყნის და მისი მართვის სტაბილურობის და ვექტორების და ა.შ. არ არსებობს.

რესპუბლიკური პარტია და პარტია ქართული ოცნება დღემდე იყვნენ პარტნიორობის რეჟიმში. დღეიდან გადადიან პარტნიორობა-კონკურენციის რეჟიმში.”

რესპუბლიკური პარტია 2016 წლის არჩევნებში დამოუკიდებლად, არაკოალიციურ რეჟიმში მიიღებს მონაწილეობას. ამის შესახებ პარტიის თავმჯდომარე ხათუნა სამნიძემ განაცხადა.

მასალების გადაბეჭდვის წესი