ახალი ამბები

დეპუტატები რესპუბლიკური პარტიის გადაწყვეტილებას აფასებენ

31 მარტი, 2016 • 1308
დეპუტატები რესპუბლიკური პარტიის გადაწყვეტილებას აფასებენ

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე, თამაზ მეჭიაური რესპუბლიკელების გადწყვეტილებას არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობის თაობაზე პატივს სცემს, თუმცა:

” მიჭირს იმის თქმა, პარლამენტში როგორ წარმოუდგენიათ კოალიციური რეჟიმი. პარლამენტში ამის გაკეთება უფრო ადვილია, კონკრეტული თემების ირგვლივ რომ მოხდეს შეთანხმება. რაც შეეხება მთავრობას, მიჭირს ამის წარმოდგენა მაშინ, როცა კონკურენტი პარტიით იქნება დაკომპლექტებული მთავრობა. ”

მეჭიაური ვარაუდობს, რომ რესპუბლიკელები საარჩევნო ბარიერს დიდი ალბათობით გადალახავენ:

“რადგან მათ საკმაოდ კარგად გამოიყენეს ყველა ის სახელისუფლო რესურსი, რომელსაც  ფლობენ. წარმოდგენილი არიან, ერთი მხრივ, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში, გამგეობებში, მერიებში, საკმაოდ სერიოზულ სამინისტროებში. ძალიან მრავლად არიან იქ მათი თანაპარტიელები,  უმრავლესობაში არიან ფაქტობრივად. მომხრეები ჰყავთ დასაქმებული და აქედან გამომდინარე არ გაუჭირდებათ ბარიერების გადალახვა.”

თამაზ მეჭიაურის მოსაზრებებს იმეორებს საპარლამენტო უმრავლესობის კიდევ ერთი წევრი, ომარ ნიშნიანიძე.  მისი თქმით, ,”რესპუბლიკური პარტია” აღარ არის ის, რაც  2012 წელს იყო:

“მათ ძალიან კარგად ისარგებლეს  ხელისუფლებაში ყოფნით. საკანონმდებლო, ასევე აღმასრულებელი ხელისუფლების სხვადასხვა დონეზე მათ ჰყავთ თავიანთი ძალები.  მე ველოდი, რომ ასეთი რამ მოხდებოდა. თუ მათ ეს გადაწყვიტეს, ეს მათი არჩევანია.  მე მხოლოდ წარმატება მინდა ვუსურვო. მათ გაუჩნდათ განცდა, რომ დამოუკიდებლად მეტს მიიღებენ,  ვიდრე კოალიცია სთავაზობდათ კვოტების თვალსაზრისით,”- ამბობს  ნიშნიანიძე და აღნიშნავს, რომ რესპუბლიკელმა მინისტრებმა პოსტები არ უნდა დატოვონ.

“ნაციონალური მოძრაობის” ფრაქციის წევრი,  გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ “გემი იძირება” და  ყველა ცდილობს, რამენაირად სახე  შეინარჩუნოს:

” როგორც ჩანს, რესპუბლიკელებს სურვილი აქვთ, რომ რაც შეიძლება დიდხანს შეინარჩუნონ თანამდებობები და კონკრეტული პოზიციები . ასევე ძალიან საინტერესოა, რომ ამით პარლამენტში უმრავლესობა მთავრდება იმიტომ, რომ რაოდენობიდან გამომდინარე სერიოზული პრობლემა ექმნება უმრავლესობის ფორმირებას. ამიტომ გარკვეულ ვაჭრობას და პოლიტიკურ გარიგებას, მიუხედავად რესპუბლიკეების გასვლისა კოალიციიდან, როგორც ჩანს, მაინც აქვს ადგილი, რომ საპარლამენტო არჩევნებამდე რაღაც უმრავლესობა მაინც ჰქონდეთ,“-განაცხადა ვაშაძემ.

დღეს, 31 მარტს რესპუბლიკურმა პარტიამ განაცხადა, რომ ისინი 2016 წლის არჩვენებში დამოუკიდებლად მიიღებენ მონაწილეობას, თუმცა მანამდე მთავრობაში თანამდებობის დატოვებას არ აპირებენ. არჩევნებზე დამოუკიდებლად მონაწილეობას გეგმავს პარტია “ქართული ოცნებაც.”

მასალების გადაბეჭდვის წესი