ახალი ამბები

რესპუბლიკელები სამთავრობო თანამდებობების დატოვებას “ავტომატურად” არ აპირებენ

31 მარტი, 2016 • 1375
რესპუბლიკელები  სამთავრობო თანამდებობების დატოვებას “ავტომატურად” არ აპირებენ

რესპუბლიკური პარტია, რომელიც სამი მინისტრითაა წარმოდგენილი მთავრობაში,  სამთავრობო თანამდებობების “ავტომატურად” დატოვებას არ აპირებს. რესპუბლიკელებმა 31 მარტს განაცხადეს, რომ  პარტია 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში დამოუკიდებლად მიიღებს მონაწილეობას.

რესპუბლიკური პარტიის განცხადებით,  მომავალი არჩევნების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება არ ნიშნავს კოალიციიდან, საპარლამენტო უმრავლესობიდან, მთავრობიდან და საკრებულოებში უმრავლესობებიდან რესპუბლიკელების ავტომატურ და დაუყოვნებლივ გასვლას.

“სამთავრობო თანამდებობებს დავტოვებთ მხოლოდ საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის, ან პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილების გამო და არავითარ შემთხვევაში – ოკუპანტი ქვეყნის, ადგილობრივი სტალინელების, ანტინატოელებისა და ვიდეოშანტაჟისტების კოორდინირებული თუ დამთხვეული ულტიმატუმების ფონზე”, – აცხადებს რესპუბლიკური პარტია.

რესპუბლიკური პარტია ასევე აცხადებს, რომ მათი შემდგომი მოქმედებები დამოკიდებული იქნება პარტია „ქართული ოცნების“ დაანონსებულ განახლებაზეც.

“ჩვენ შეიძლება მოვახერხოთ კოალიციური სახელისუფლებო პასუხისმგებლობის კიდევ გარკვეული ვადით ზიდვა პრემიერ-მინისტრ კვირიკაშვილთან და მისი ხედვების შესაბამისად მოქმედ გუნდთან ერთად, მაგრამ ამას ნამდვილად ვერ შევძლებთ, თუ პოლიტიკური დღის წესრიგის განსაზღვრა თავისუფალ რეჟიმში მოქმედი ინდივიდების საჯარო განცხადებებით გაგრძელდება”.
რესპუბლიკელი  აცხადებენ, რომ მათი მინისტრები მთავრობაში ყოფნის პერიოდში პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით გააგრძელებენ პარლამენტის მიერ დამტკიცებული სამთავრობო პროგრამის შესრულებას. ამავე პერიოდში პარლამენტში ვითარება პირიქით იქნება – ფრაქცია „რესპუბლიკელები“ იხელმძღვანელებს პარტიული პოლიტიკური პრიორიტეტებით, გარდა უმრავლესობის ფორმატში წინასწარ შეთანხმებული საკითხებისა.

მასალების გადაბეჭდვის წესი