ახალი ამბები

გომელაური: რუსეთის გარდა, სხვა ქვეყნის სპეცსამსახურებია შემოსული საქართველოში

30 მარტი, 2016 • 1245
გომელაური: რუსეთის გარდა, სხვა ქვეყნის სპეცსამსახურებია შემოსული საქართველოში

“არა მარტო რუსული რბილი ძალები, სხვა ქვეყნის ბევრი სპეცსამსახურებია შემოსული საქართველოში და ურთულეს სამუშაოს ატარებს კონტრდაზვერვის დეპარტამენტი,” -ეს განცხადება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა, ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.

ვახტანგ გომელაური ამ ფაქტს საარჩევნო წლით ხსნის:

“რა თქმა უნდა, რუსული პროპაგანდა მომატებულია, ეს ყოველ საარჩევნო პერიოდში იმატებს. რუსული მიმართულებით რაღაც ფონი აწეულია, თუმცა არა მარტო რუსული სპეცსამსახურის თანამშრომლები, არამედ ჩვენი სხვა მეზობელი თუ არამეზობელი ქვეყნის სპეცსამსახურების თანამშრომლებიც არიან შემოსულები. ”

დღეს, 30 მარტს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის, ვახტანგ გომელაურის ანგარიში უნდა მოესმინათ, თუმცა სხდომა ჩაიშალა. სხდომა პარასკევს, 1 აპრილს გაიმართება, მაგრამ გომელაური მას არ დაესწრება:

“ჩამოვედი თბილისიდან იმისთვის, რომ ჩემი ანგარიში წარმედგინა და კითხვებზე პასუხები გამეცა. მე პატივს ვცემ საქართველოს პარლამენტს, ოპოზიციასაც და პოზიციასაც. პარასკევს ვერ ჩამოვალ, იციან ეს პარლამენტარებმა. მომავალში ვნახოთ, გადავწყვეტთ.  ჩემი ბრალი არ არის, დეპუტატები რომ არ ჩამოვიდნენ”- აღნიშნა გომელაურმა.

პლენარული  სხდომა 1 აპრილს, 12 საათზე ჩატარდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი