ახალი ამბები

ბაქრაძე: ნაციონალური მოძრაობა სრულად უჭერს მხარს ვიზალიბერალიზაციის სწრაფად გადაწყვეტას

30 მარტი, 2016 • 1684
ბაქრაძე: ნაციონალური მოძრაობა სრულად უჭერს მხარს ვიზალიბერალიზაციის სწრაფად გადაწყვეტას

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის, საპარლამენტო უმცირესობის ლიდერ დავით ბაქრაძის განცხადებით, ნაციონალური მოძრაობა სრულად უჭერს მხარს ვიზალიბერალიზაციის სწრაფად გადაწყვეტას. ამის შესახებ პარტიის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი:

„მინდა წერტილი დავუსვა სპეკულაციებს და სრულიად ცალსახად განვაცხადო, ნაციონალური მოძრაობა მხარს უჭერს ვიზალიბერალიზაციის უსწრაფეს გადაწყვეტილებას. ეს იყო ჩვნი პოზიცია წარსულში და ეს იქნება მომავალშიც. თუ ამ პროცესში ჩვენს ევროპელ პარტნიორებს გააჩნიათ კითხვის ნიშნები, მთავრობის ვალდებულებაა იმუშაოს მათთან პასუხის გასაცემად. აჩვენოს მათ ქვეყნის წინსვლა, გაკეთებული საქმეები და არ დაკავდეს იმ ტიპის ლანძღვით შეთქმულებების თეორიებით, რაც ბოლო პერიოდში მოვისმინეთ. ამიტომ მოვუწოდებ ხელისუფლებას, არჩევნებამდე დარჩენილ 5 თვეში, სანამ ჯერ კიდევ ხელისუფლებაში არიან, იმუშაონ ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან, წაიყვანონ საქართველო წინ და ამით მივიდეთ იმ უსწრაფეს ვიზალიბერალიზაციამდე, რომელიც საქართველომ დაიმსახურა“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

ტელეკომპანია “რუსთავი 2”- მა 26 მარტს მაყურებელს შესთავაზა ინტერვიუ ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტთან. ამ ინტერვიუს მიხედვით, საქართველო ვიზის ლიბერალიზაციას არა ზაფხულისთვის უნდა ელოდოს, არამედ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, რადგანაც “რუსთავი 2”-ის კითხვაზე, “დაუჭერს თუ არა ევროპის სახალხო პარტია მხარს საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის მინიჭებას”, პარტიის პრეზიდენტი ჯოზეფ დაული ასე პასუხობს:

“ევროპის სახალხო პარტია საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზის ლიბერალიზაციის მომხრეა. ეს მნიშვნელოვანია ახალგაზრდებისთვის, რომ შეძლონ საზღვარგარეთ სწავლა და ჰქონდეთ შესაძლებლობა, იყვნენ გახსნილი სხვებთან. მაგრამ შევახსენებდი ქართველებს, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მთავრობა იყო ის, რომელმაც დაიწყო და წინ წაწია სამუშაო ვიზის ლიბერალიზაციასა და ღრმა და ყოვლისმომცველ თავისუფალ სავაჭრო სივრცეზე, რაც ხალხს ავიწყდება. ეს ახალი სტატუსი თანმდევი უნდა იყოს დამტკიცებულ რეფორმებთან ქვეყანაში. საქართველო უნდა იქცეს დემოკრატიულ საზოგადოებად არა მხოლოდ არჩევნების დროს, არამედ მის წინ და მის შემდგომაც. ევროპარლამენტში ევროპის სახალხო პარტიის ჯგუფი მხარს დაუჭერს ვიზის ლიბერალიზაციას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება თავისუფალი და სამართლიანი გზით”.

დავით ბაქრაძე ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტს შეხვდა 17 მარტს, მანამ, სანამ დაული ზემოხსენებულ განცხადებას გააკეთებდა.

თბილისში ასევე იმყოფება ევროპის სახალხო პარტიის ჯგუფის სხვა წევრი, ევროპარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე პაველ სვობოდა, რომელიც აცხადებს, რომ საქართველოსა და ევროკავშირს შორის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის საკითხზე პარტიის პრეზიდენტმა ჯოზეფ დაულიმ შესაძლოა საკუთარი მოსაზრება გამოთქვა, რადგან ოფიციალურად EPP-ის თავისი პოზიცია არ დაუფიქსირებია.

“დარწმუნებული ვარ და იმედი მაქვს, რომ [ევროკავშირის] საბჭოს გადაწყვეტილება პოზიტიური იქნება. ამ საკითხთან დაკავშირებით ევროპის სახალხო პარტიას პოზიცია არ დაუფიქსირებია. ასე რომ, ჯოზეფ დაულიმ შესაძლოა საკუთარი მოსაზრება გამოთქვა”, – თქვა სვობოდამ.

მასალების გადაბეჭდვის წესი