ახალი ამბები

გომელაური: არც წვდომა გვაქვს და არც უფლება, ესა თუ ის საიტი დავბლოკოთ

30 მარტი, 2016 • 1403
გომელაური: არც წვდომა გვაქვს და არც უფლება, ესა თუ ის საიტი დავბლოკოთ

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის, ვახტანგ გომელაურის მტკიცებით, youtube.com-ზე ვიდეო სასამართლოს ნებართვით წაიშალა. მისივე მტკიცებით, სუს-ს youtube არ დაუბლოკავს:

” იუთუბი არ შეზღუდულა, იუთუბმა დაბლოკა ვიდეო, რა თქმა უნდა, სასამართლოს გადწყვეტილებით გაიგზავნა საბუთები იუთუბზე, ინგლისურად ითარგმნა და მერე გადაეგზავნა იუთუბს. განიხილეს და შემდეგ დაბლოკეს ვიდეო. სწრაფად დაიბლოკა, ვიდრე სხვა ვიდეოები, შედარებით გვიან იბლოკება ხოლმე,”- აცხადებს გომალაური.

მისივე მტკიცებით,  სუს-ს  “არც წვდომა აქვს და არც უფლება, ესა თუ ის საიტი დაბლოკოს”

 

14 მარტს “კავკასუსისა” და “სილქნეტის” მომხმარებლების ნაწილს youtube.com-ზე წვდომა შეზღუდული ჰქონდათ.

უცნობია, უკავშირდება თუ არა ეს ფაქტი youtube-ზე  14 მარტს გამოქვეყნებულ ვიდეოს, რომელზეც ასახულია პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები და შეიცავს მუქარას რამდენიმე ქართველი პოლიტიკოსის და ჟურნალისტის მიმართ, რომ თუ არ დატოვებენ პოლიტიკას, გამოქვეყნდება მათი პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალები.

Youtube-ზე წვდომა 20 წუთის განმავლობაში შეზღუდული ჰქონდათ კავკასუს ონლაინის ქსელის აბონენტებს 11 მარტსაც,  როცა გამოქვეყნდა სავარაუდოდ ერთ-ერთი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები.

თუმცა “კავკასუს ონლაინმა” მაშინ განაცხადა, რომ შეზღუდვას ადგილი არ ჰქონია.

2015 წლის ნოემბერში, როდესაც ძალოვან უწყებებს “ისლამური ხალიფატის” ერთ-ერთი გვერდის გათიშვა სურდათ, დროებით, ვორდპრესის ჰოსტინგზე მყოფი სხვა საიტებიც გაითიშა, თუმცა შესაბამის უწყებებს დღემდე ნათლად არ განუმარტავთ, რატომ მოხდა ეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი