ახალი ამბები

პაველ სვობოდა: ჯოზეფ დაულიმ შესაძლოა თავისი მოსაზრება დააფიქსირა

30 მარტი, 2016 • 1251
პაველ სვობოდა: ჯოზეფ დაულიმ შესაძლოა თავისი მოსაზრება დააფიქსირა

ევროპის სახალხო პარტიის ჯგუფის წევრი, ევროპარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე პაველ სვობოდა აცხადებს, რომ საქართველოსა და ევროკავშირს შორის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის საკითხზე პარტიის პრეზიდენტმა ჯოზეფ დაულიმ შესაძლოა საკუთარი მოსაზრება გამოთქვა, რადგან ოფიციალურად EPP-ის თავისი პოზიცია არ დაუფიქსირებია. ამის შესახებ სვობოდამ თბილისში რუსთავი 2-ს განუცხადა.

“იმედი მაქვს, რომ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის საკითხთან დაკავშირებით ევროპარლამენტში პოზიტიური განწყობა იქნება. [იმედია] პოზიტიური განწყობა იქნება სამოქალაქო თავისუფლების, მართლმასჯულებისა და საშინაო საქმეების კომიტეტშიც, რომელიც უშუალოდ სავიზო საკითხებზე მუშაობს.

დარწმუნებული ვარ და იმედი მაქვს რომ [ევროკავშირის] საბჭოს გადაწყვეტილება პოზიტიური იქნება. ამ საკითხთან დაკავშირებით ევროპის სახალხო პარტიას პოზიცია არ დაუფიქსირებია. ასე რომ, ჯოზეფ დაულიმ შესაძლოა საკუთარი მოსაზრება გამოთქვა”, – თქვა სვობოდამ.

ტელეკომპანია “რუსთავი 2”- მა 26 მარტს მაყურებელს შესთავაზა ინტერვიუ ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტთან. ამ ინტერვიუს მიხედვით, საქართველო ვიზის ლიბერალიზაციას არა ზაფხულისთვის უნდა ელოდოს, არამედ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, რადგანაც “რუსთავი 2”-ის კითხვაზე, “დაუჭერს თუ არა ევროპის სახალხო პარტია მხარს საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის მინიჭებას”, პარტიის პრეზიდენტი ჯოზეფ დაული ასე პასუხობს:

“ევროპის სახალხო პარტია საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზის ლიბერალიზაციის მომხრეა. ეს მნიშვნელოვანია ახალგაზრდებისთვის, რომ შეძლონ საზღვარგარეთ სწავლა და ჰქონდეთ შესაძლებლობა, იყვნენ გახსნილი სხვებთან. მაგრამ შევახსენებდი ქართველებს, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მთავრობა იყო ის, რომელმაც დაიწყო და წინ წაწია სამუშაო ვიზის ლიბერალიზაციასა და ღრმა და ყოვლისმომცველ თავისუფალ სავაჭრო სივრცეზე, რაც ხალხს ავიწყდება. ეს ახალი სტატუსი თანმდევი უნდა იყოს დამტკიცებულ რეფორმებთან ქვეყანაში. საქართველო უნდა იქცეს დემოკრატიულ საზოგადოებად არა მხოლოდ არჩევნების დროს, არამედ მის წინ და მის შემდგომაც. ევროპარლამენტში ევროპის სახალხო პარტიის ჯგუფი მხარს დაუჭერს ვიზის ლიბერალიზაციას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება თავისუფალი და სამართლიანი გზით”.

მასალების გადაბეჭდვის წესი