ევროპარლამენტის ყველაზე დიდმა პოლიტიკურმა ჯგუფმა, „ევროპის სახალხო პარტიამ“ (EPP) საქართველოში არსებულ ვითარებაზე რეზოლუციის პროექტი მოამზადა, სადაც სხვა საკითხებთან ერთად, მზია ამაღლობელის გათავისუფლებასაც მოითხოვს.
ამის შესახებ ინფორმაციას ბრიუსელში მომუშავე ჟურნალისტი თამარ ნუცუბიძე ავრცელებს, რომელიც EPP-ს რეზოლუციის პროექტი მიაწოდეს.
ჟურნალისტის ცნობით, დოკუმენტი 16- პუნქტიანია და მე-6 პუნქტში მზია ამაღლობელზეა საუბარი.
„[EPP-ის რეზოლუციის პროექტი] ითხოვს ჟურნალისტ მზია ამაღლობელის გათავისუფლებას, რომელიც უკვე ოთხ კვირაზე მეტია უსამართლო პატიმრობის გამო შიმშილობს და სიცოცხლისთვის კრიტიკული და შეუქცევადი შედეგების წინაშე დგას“, – ნათქვამია EPP-ის რეზოლუციის პროექტში, რომელსაც თამარ ნუცუბიძე ავრცელებს.
ჟურნალისტის ინფორმაციით, EPP მოუწოდებს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას, უპირობოდ და რაც შეიძლება სწრაფად, გაათავისუფლონ პატიმრები.
„[EPP-ის რეზოლუციის პროექტი] კატეგორიულად გმობს საქართველოს მმართველი რეჟიმის მიერ 2024 წლის 28 ნოემბრის შემდეგ მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ სასტიკ ძალადობასა და რეპრესიებს…
გმობს ყოფილ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიაზე თავდასხმას და ცემას, რომელიც ჰოსპიტალიზებული იყო, ამას მოჰყვა ისეთი პოლიტიკური ლიდერების დაკავება, როგორებიც არიან ნიკა მელია და გიგი უგულავა, როგორც „ქართული ოცნების“ და მისი მოკავშირეების მიერ მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ სახელმწიფოს მიერ ორგანიზებული ძალადობის შოკისმომგვრელი ესკალაცია;
ითხოვეს თვითგამოცხადებული „პარლამენტის“ მიერ ახლახან მიღებული რეპრესიული კანონმდებლობის გაუქმებას“, – ნათქვამია EPP-ის რეზოლუციის პროექტში, რომელსაც თამარ ნუცუბიძე ავრცელებს.
ჟურნალისტის ცნობით, EPP-ის რეზოლუციის პროექტში ნათქვამია, რომ სალომე ზურაბიშვილი საქართველოს ერთადერთი ლეგიტიმური წარმომადგენელია. ამასთან, მოთხოვნილია ახალი არჩევნების ჩატარება.
ევროპარლამენტში საქართველოსთან დაკავშირებით დებატები 13 თებერვალს დაგეგმილია რეზოლუციის კენჭისყრა სახელწოდებით – – „საქართველოში პოლიტიკური ვითარების შემდგომი გაუარესება“.
მედიამენეჯერი მზია ამაღლობელი პროტესტის ნიშნად 1 თვეა შიმშილობს. ის კვლევების ჩატარების მიზნით 4 თებერვალს კლინიკა „ვივამედში“ გადაიყვანეს და ამ დრომდე იქ რჩება.
„ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებელი მზია ამაღლობელი 11-12 იანვარს ღამით, ორჯერ დააკავეს. პირველად საპროტესტო შინაარსის პლაკატის გაკვრის გამო, რომელზეც ეწერა „იფიცება საქართველო”, მეორედ – ბათუმის პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო, პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით, რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ინციდენტს წინ უძღოდა დაპირისპირება და ჭყლეტა მონაწილეებსა და პოლიციას შორის, რაც პოლიციის მხრიდან პროვოკაციული ქმედებებს მოჰყვა.
14 იანვარს ბათუმის საქალაქო სასამართლომ მზია ამაღლობელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო სახელაშვილმა გამოაცხადა.