ახალი ამბები

პროკურატურა: ვანო მაჭავარიანის განცხადებები პირად კადრებზე მხოლოდ მის ვარაუდს ეფუძნება

29 მარტი, 2016 • 1725
პროკურატურა: ვანო მაჭავარიანის განცხადებები პირად კადრებზე მხოლოდ მის ვარაუდს ეფუძნება

საქართველოს მთავარ პროკურატურა აცხადებს, რომ ვანო მაჭავარიანის გამოკითხვისას გაირკვა, რომ მისთვის არავის გაუგზავნია შეტყობინება პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებასთან დაკავშირებით და მას არ უნახავს მსგავსი სახის ვიდეომასალა.

პროკურატურა აცხადებს, რომ ვანო მაჭავარიანმა აღნიშნა მხოლოდ ის, რომ 2016 წლის 18 მარტს პირად „facebook” გვერდზე ათვალიერებდა ე.წ აქტივობის კედელს, რა დროსაც შეამჩნია მისთვის უცნობი ჯგუფის სახელით გაზიარებული ე.წ. „ლინკი“, რომელიც დასათაურებული იყო „სკანდალური კადრების“ სახელით.

“მას არ უნახავს ხსენებული კადრები, ვინაიდან თვლიდა, რომ იქნებოდა კომპიუტერული „ვირუსის“ შემცველი და, შესაბამისად, არ იცის ამ კადრების შინაარსი. ამდენად, ი. მაჭავარიანის გამოკითხვით დადგინდა, რომ მას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების მოპოვება-გავრცელებასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ გააჩნია და მის მიერ საჯაროდ გაკეთებული განცხადებები ეფუძნება მხოლოდ მის ვარაუდებს”, – აცხადებს პროკურატურა.

უწყების ცნობით, რაც შეეხება მაჭავარიანის Facebook-ის გვერდზე განხორციელებულ ე.წ. ჰაკერულ თავდასხმას, აღნიშნულთან დაკავშირებით ი. მაჭავარიანმა აღნიშნა, რომ რამოდენიმე დღის წინ გაეგზავნა მისივე ფოტოს გამოყენებით შექმნილი „facebook” გვერდიდან მეგობრობის თხოვნა, რაც მისი მხრიდან აღქმული იქნა „ჰაკერულ“ თავდასხმად.

მაჭავარიანმა აცნობა „facebook“-ის ადმინისტრაციას, რამაც მისი ვარაუდით გამოიწვია ,,facebook“ პროფილის დროებითი დაბლოკვა. ამასთან, ი. მაჭავარიანმა უარი განაცხადა მასთან ერთად მისი კუთვნილი ,,facebook“ გვერდის დათვალიერებაზე, აცხადებს პროკურატურა.

დღეს, 29 მარტს, მთავარ პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფებოდა ვანო მაჭავარიანი დღეს მის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით.

“გაუგებარი საიტებიდან გამომიგზავნეს კადრები. მე ისინი არ გავხსენი. ის კადრებია, რომლებიც უნდა გავრცელდეს ინტერნეტსივრცესა თუ ტელესივრცეში. ზუსტად სამ დღეში მე დამებლოკა ფეისბუკი”, – განაცხადა მაჭავარიანმა.

მთავარი პროკურატურა აცხადებს, რომ ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებს გამოძიებას პირადი და ოჯახური საიდუმლოს ხელყოფის ფაქტებზე დაწყებული სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში ხსენებულ დანაშაულთან კავშირში მყოფი პირების გამოსავლენად.

მასალების გადაბეჭდვის წესი