სამართალი

ფარულ კადრებზე გაკეთებული განცხადების შემდეგ ვანო მაჭავარიანი პროკურატურაში დაიბარეს

29 მარტი, 2016 • 1548
ფარულ კადრებზე გაკეთებული განცხადების შემდეგ ვანო მაჭავარიანი პროკურატურაში დაიბარეს

პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი ვანო მაჭავარიანი აცხადებს, რომ  მას ფეისბუკზე იმ კადრების ბმულები გაუგზავნეს, რომლებიც ინტერნეტსივრცეში უნდა გავრცელდეს. ამის შესახებ განცხადება მაჭავარიანმა ტელკომპანია “პირველის” ეთერით გააკეთა.

“2 კვირის წინ “მაესტროს მივეცი  ინტერვიუ და ძალიან მკაცრად ვისაუბრე იმ თემაზე, რომ ეს არის მთავრობის ხელი და რომ მთავრობას ძალუძს ასეთი რამის კეთება და ინტერნეტსივრცეში შესვლა. ზუსტად სამ დღეში ფეისბუკი დამიბლოკეს, დამიჰაკეს, გამთიშეს და მაგრძნობინეს, რომ, როგორც ჩანს, მათ ამის შესაძლებლობა აქვთ. მე დღესაც გათიშული ვარ ქსელიდან.

გაუგებარი საიტებიდან გამომიგზავნეს კადრები. მე ისინი არ გავხსენი. ის კადრებია, რომლებიც უნდა გავრცელდეს ინტერნეტსივრცესა თუ ტელესივრცეში. ზუსტად სამ დღეში მე დამებლოკა ფეისბუკი”, – ამბობს მაჭავარიანი.

ჟურნალისტ ვახო სანაიას კითხვას, თუ კადრები არ უნახავს, საიდან იცის მათი შინაარსის შესახებ, მაჭავარიანი ამბობს:

“შეთავაზება იყო, ხომ არ გაინტერესებთ, რომ ნახოთ ეს. [იქ იყო] ტექსტი და პირველი გვერდი, სადაც შორიდანაა ნაჩვენები შავ-თეთრად ორი ადამიანის ფიგურა”, – აცხადებს მაჭავარიანი.

ნეტგაზეთს მთავარ პროკურატურაში უთხრეს, რომ მაჭავარიანი დაკითხვაზეა დაბარებული.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი