ახალი ამბები

კულტურის სამინისტრომ კინოცენტრის დირექტორის შესარჩევად კონკურსი გამოაცხადა

29 მარტი, 2016 • 1198
კულტურის სამინისტრომ კინოცენტრის დირექტორის შესარჩევად კონკურსი გამოაცხადა

კულტურის სამინისტრომ კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის დირექტორის შესარჩევად კონკურსი გამოაცხადა, რომელიც 5 აპრილამდე გაგრძელდება. 

დღეს, 29 მარტს, კულტურის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ განაცხადა, რომ კონკურსში მონაწილე კანდიდატთა განაცხადებები მიიღება 2016 წლის 29 მარტიდან 2016 წლის 5 აპრილის 17:00 საათამდე გაგრძელდება.

კონკურსის პირობების თანახმად, „საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის“ დირექტორის თანამდებობაზე კონკურსში მონაწილეობის უფლება საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს აქვს, რომელიც აკმაყოფილებს საკვალიფიკაციო პირობებს.

სამინისტროს ცნობით, კონკურსს შეაფასებს ჟიური, რომლის შემადგენლობაში არიან საკონსულტაციო საბჭოს წევრები: კინორეჟისორები- ლანა ღოღობერიძე, მერაბ კოკოჩაშვილი, ლევან კოღუაშვილი, ზურა ინაშვილი, ნინო (ნანა) ჯორჯაძე; მსახიობები – ბაადურ წულაძე და ნატო მურვანიძე, ოპერატორი მინდია ესაძე, პროდიუსერი და კინორეჟისორი თინა ყაჯრიშვილი, კინომცოდნეები- პაატა იაკაშვილი და ნანა დოლიძე.

საკონკურსო პირობების მიხედვით, კანდიდატს უნდა ჰქონდეს არანაკლებ 3 წლის მმართველობითი მუშაობის გამოცდილება, ორგანიზატორული უნარ-ჩვევები და მენეჯმენტის საფუძვლების ცოდნა, გუნდური მუშაობის გამოცდილება, ადამიანური რესურსების მართვა და კომუნიკაბელურობა.

კანდიადტებმა უნდა წარადგინონ მათ მიერ შემუშავებული კინოცენტრის და კინოინდუსტრიის განვითარების ხედვა და სამწლიანი გეგმა.

სამინისტრო ასევე გეგმავს, რომ კანდიდატებთან კონსულტაციები გამართოს 30 მარტს, 14:00 საათიდან 18:00 საათამდე.

25 მარტს ნანა ჯანელიძეს საქართველოს ეროვნული კინოცენტრის დირექტორის თანამდებობაზე უფლებამოსილების სამწლიანი ვადა ამოეწურა.

მასალების გადაბეჭდვის წესი