ახალი ამბები

ნანა ჯანელიძეს კინოცენტრის დირექტორის თანამდებობაზე უფლებამოსილების ვადა ამოეწურა

25 მარტი, 2016 • 3141
ნანა ჯანელიძეს კინოცენტრის დირექტორის თანამდებობაზე უფლებამოსილების ვადა ამოეწურა

დღეს, 25 მარტს, ნანა ჯანელიძეს საქართველოს ეროვნული კინოცენტრის დირექტორის თანამდებობაზე უფლებამოსილების ვადა ამოეწურა.

საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, ეროვნული კინოცენტრის დირექტორი 3 წლის ვადით ინიშნება აღნიშნულ თანამდებობაზე. ნანა ჯანელიძე კინოცენტრის დირექტორად 2013 წლის 25 მარტს, 3 წლის წინ დაინიშნა.

ეროვნულ კინოცენტრში “ნეტგაზეთს” განუცხადეს, რომ ნანა ჯანელიძეს საკუთარი გადაწყვეტილების საფუძველზე არ სურს ხელმეორედ წამოაყენოს თავისი კანდიდატურა. იგი სარეჟისორო საქმიანობას გააგრძელებს.

ახალი დირექტორის არჩევამდე კინოცენტრს დირექტორის პირველი მოადგილე ნინო კუხალაშვილი დროებით უხელმძღვანელებს.

კინოცენტრის დირექტორს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი ნიშნავს. ჯერჯერობით უცნობია, როდის და როგორი წესით დანიშნავს კინოცენტრის დირექტორს კულტურის სამინისტრო. 2013 წელს კულტურის მინისტრის ბრძანებით შექმნილმა საკონსულტაციო საბჭომ 15 განმცხადებელიდან 5 კანდიდატი შეარჩია,  ხოლო მინისტრმა 5 კანდიდატიდან კინოცენტრის დირექტორად ნანა ჯანელიძე დანიშა.

მასალების გადაბეჭდვის წესი