ახალი ამბები

პრეზიდენტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ორი ახალი კანდიდატი წარადგინა

28 მარტი, 2016 • 2585
პრეზიდენტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ორი ახალი კანდიდატი წარადგინა

საქართველოს  პრეზიდენტმა უზენაესი სასამართლოს ორ ვაკანტურ თანამდებობაზე თამარ ლალიაშვილისა და ნონა თოდუას კანდიდატები წარადგინა. გიორგი მარგველაშვილმა წარდგენილ კანდიდატებთან შეხვედრა დღეს, 28 მარტს გამართა.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ  პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი და უზენაეს სასამართლოში პრეზიდენტის მიერ წარდგენილი კიდევ ერთი კანდიდატი ანა დოლიძე.

„მე დღეს წარვადგინე ორი ახალი მოსამართლე, ქალბატონი თამარ ლალიაშვილი და ქალბატონი ნონა თოდუა. ქალბატონი ანა დოლიძე უკვე წარდგენილი მყავს დაახლოებით რამდენიმე კვირის წინ.  მინდა მოგახსენოთ, რომ ეს სამივე ქალბატონი თავისი გამორჩეული ბიოგრაფიით, თავისი პროფესიონალიზმით და ამავე დროს თავისი პრინციპულობით, იქნებიან ადამიანები, რომლებიც სწორედაც საქართველოს სახელით გამოიტანენ განაჩენებს. არა რომელიმე პოლიტიკური პარტიის, არა რომელიმე ჯგუფის, არა რომელიმე პოლიტიკოსის, არამედ საქართველოს სახელით შესძლებენ, რომ გამოიტანონ განაჩენები და უკეთესი მართლმსაჯულება მისცენ ქვეყანას,”- განაცხადა პრეზიდენტმა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, თამარ ლალიაშვილს 2001- 2006 წლებში საქრთველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებოდა ეკავა, ხოლო 2000-2001 წლებში იგი იყო საოლქო სასამართლოს მოსამართლე, 1999-2000 წლებში- კრწანისის მთაწმინდის რაიონული სასამართლოს მოსამართლე, 1993-1999 წლებში კი თამარ ლალიაშვილი საქართველოს გენერალური პროკურატურის პროკურორის თანამდებობას იკავებდა.  1988 წელს თამარ ლალიაშვილმა ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსისტეტის იურიდიული ფაკულტეტი დაამთავრა. 2007-2010 წლებში თამარ ლალიაშვილი ბრემენის უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის მეცნიერ-თანამშრომელი იყო. 2010 წელს მიენიჭა სამართლის დოქტორის წოდება. არის 2 წიგნისა და 20-მდე სამეცნიერო ნაშრომის ავტორი.

თამარ ლალიაშვილი. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ფოტო.

თამარ ლალიაშვილი. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ფოტო.

ნონა თოდუას 30-წლიანი საგანმანათლებლო-სამეცნიერო მუშაობის სტაჟი აქვს.  წლების განმავლობაში  იგი  ლექციებს კითხულობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახ. უნივერსიტეტში, კავკასიის უნივერსიტეტში, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში. 2014 წლის იანვრიდან დღემდე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახ. უნივერსიტეტის პროფესორია. ნონა თოდუა არის 30-მდე სამეცნიერო ნაშრომისა და პუბლიკაციის ავტორი.  ნონა თოდუამ 1981 წელს ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო  უნივერსისტეტის  იურიდიული ფაკულტეტი დაამთავრა.

ნონა თოდუა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ფოტო.

ნონა თოდუა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ფოტო.

მასალების გადაბეჭდვის წესი