ახალი ამბები

მთავრობა მუშაობს კანონპროექტზე, რომლითაც ზოგიერთ საკუთრებაზე პრივატიზებას გააიოლებს

25 მარტი, 2016 • 1049
მთავრობა მუშაობს კანონპროექტზე, რომლითაც ზოგიერთ საკუთრებაზე პრივატიზებას გააიოლებს

საქართველოს მთავრობის ცნობით, სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ზოგიერთ ქონებაზე პრივატიზების პროცესის დასრულებასთან დაკავშირებული სპეციალური წესი ამოქმედდება.

პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განმარტებით, აღნიშნული წესის ამოქმედება ძალიან ბევრ ადამიანს გადაუჭრის წლების განმავლობაში სახელმწიფოსგან ქონების შეძენის პროცესში არსებულ პრობლემას.

„ეს შეეხება პირებს, რომელთაც სახელმწიფოსგან შეძენილი ქონების დაკანონების პროცესში შეექმნათ გარკვეული პრობლემა. საუბარია სახელმწიფოსგან 2010 წლის 21 ივნისამდე, ანუ „სახელმწიფო ქონების შესახებ“ კანონის ძალაში შესვლამდე, შეძენილ უძრავ ქონებასა და მიწაზე, რომელზეც 80% უძრავი ქონების პირობებში შეძენის შემთხვევაში, ან 50%-იანი შესრულებით სასოფლო-სამეურნეო მიწის შეძენის შემთხვევაში, გადახდილია საფასური მთლიანად და ვადების დარღვევის გამო ვერ მოხდა ქონების დაკანონება. ასეთი ქონება პირებს დაუკანონდებათ იმ პირობებში, თუ დაფარული იქნება დავალიანება,“ – განაცხადა პრემიერმა.

„დღეს ჩვენ ასეთი 150-ზე მეტი შემთხვევა გვაქვს აღწერილი, თუმცა ანალიზის შედეგად, სავარაუდოდ, 350-ზე გავალთ და ამ ადამიანებს მოვუწესრიგებთ რეალურად მათი საკუთრების უფლებას და შესაძლებლობას მივცემთ, რომ ნორმალურად განკარგონ თავიანთი საკუთრება. ამისთვის მათ განაცხადით უნდა მომართონ ეკონომიკის სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს“ – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ.

საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს მიერ მომზადებულ პროექტს მინისტრთა კაბინეტი მთავრობის დღევანდელ, 25 მარტს სხდომაზე განიხილავს.

მასალების გადაბეჭდვის წესი