ახალი ამბები

კომიტეტმა ადამიანის კომპანიონი ცხოველების შესახებ კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა

23 მარტი, 2016 • 2255
კომიტეტმა ადამიანის კომპანიონი ცხოველების შესახებ კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა

პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა და მხარი არ დაუჭირა გია ცაგარეიშვილის ინიცირებულ კანონპროექტს “ადამიანის კომპანიონ ცხოველთა კეთილდღეობის შესახებ”. კომიტეტის წევრები პრინციპების დონეზე კანონპროექტს მხარს უჭერენ, თუმცა გადაწყვიტეს, რომ მთავრობის დასკვნის გარეშე კანონპროექტისთვის მხარი არ დაეჭირათ.

“ეს იყო თითიდან გამოწოვილი შენიშვნები. ჩემი ბრალი არ არის, რომ მთავრობის დასკვნა არ არის. ერთი წელი და ექვსი თვე ვმუშაობდი კანონპროექტზე, რეგლამენტის სრული დაცვით შემოვიტანე პარლამენტში და ველოდები მოსაზრებებსა და შენიშვნებს, მათ შორის მთავრობიდან. თუ მომაწვდიან, შესაძლებელია ამ შენიშვნებიდან ზოგიერთს დავეთანხმო, ზოგიერთს არა და ასე გავაგრძელოთ კომიტეტებში მუშაობა,”- ამბობს ცაგარეიშვილი და აღნიშნავს, რომ მას არ აქვს ვალდებულება კანონპროექტის მომზადების პროცესში კონსტულტაციები გაიაროს მთავრობასთან.

დეპუტატის თქმით, კომპანიონი ცხოველების ჩამონათვალი საერთაშორისო პრაქტიკის მიხედვით შეადგინეს და მასში არ ხვდებიან ის ცხოველები, რომლებსაც ადამიანები ფერმერული მიზნებისთვის იყენებენ.

როგორც დეპუტატმა ნეტგაზეთს განუცხადა, საკანონმდებლო ინიციატივა 6 არასამთავრობო ორგანიზაციასთან ერთად მომზადდა. მისი თქმით, თუ კანონპროექტი დამტკიცდება, პირველად მოხდება საკანონმდებლო სივრცეში “ცხოველთა უფლებების” ტერმინის დაფიქსირება.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი