ცხოველთა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაცია (OIPA) შეშფოთებას გამოთქვამს საქართველოში მიუსაფარი ცხოველების მართვის საკითხთან დაკავშირებით.
ორგანიზაციამ ოფიციალური წერილით მიმართა საქართველოს ხელისუფლებასა და დიპლომატიურ წარმომადგენლობებს, რომელშიც ითხოვს მიუსაფარი ცხოველების მართვის ამჟამინდელ პრაქტიკაზე მეტ გამჭვირვალობასა და სიტუაციაში გარკვევას.
ორგანიზაციის განცხადებით, ანგარიშებისა და დოკუმენტირებული მტკიცებულებების საფუძველზე გამოიკვეთა რამდენიმე ძირითადი პრობლემა, მათ შორის:
- სტერილიზაციისთვის წაყვანილი ცხოველების პირვანდელ ბუნებრივ გარემოში დაუბრუნებლობა;
- უკვე სტერილიზებული ძაღლების განმეორებითი დაჭერა;
- ცხოველების გადაყვანა მათთვის შეუსაბამო ტერიტორიებზე;
- ინფორმაციის არარსებობა მრავალი ცხოველის ადგილსამყოფელის შესახებ.
OIPA-მ თავის წერილში კომპეტენტურ ორგანოებს შემდეგი მოთხოვნებით მიმართა:
- უზრუნველყონ სტერილიზაციისთვის წაყვანილი ცხოველების დაბრუნება მათ პირვანდელ საცხოვრებელ გარემოში;
- თავი აარიდონ უკვე სტერილიზებული ცხოველების ზედმეტ და უსაფუძვლო დაჭერას;
- გახადონ ინფორმაცია ცხოველების ადგილსამყოფელის შესახებ საჯარო და გამჭვირვალე.
ორგანიზაციის განცხადებით, აღნიშნული საკითხი სულ უფრო მეტ საერთაშორისო ყურადღებას იქცევს.
