ახალი ამბები

ვინ აძვირებს მიკროავტობუსებით მგზავრობას თბილისში

19 ივლისი, 2011 • • 1474
ვინ აძვირებს მიკროავტობუსებით მგზავრობას თბილისში

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილისა და „თბილისის მიკროავტობუსის“ განცხადების მიუხედავად, დედაქალაქში მოძრავი მიკროავტობუსების ნაწილით მგზავრობის ღირებულება 50–დან 80 თეთრამდე გაიზარდა, 40-თეთრიანის საფასური კი – 60-მდე.

დღეს დილიდან მგზავრობა გაძვირებული დახვდათ 72, 128, 30, 100, 147 და 170 ნომერი მიკროავტობუსების მგზავრებს. მძღოლების ნაწილი მგზავრობის ღირებულების გაზრდას „გაძვირებულ საწვავს“ უკავშირებს, ზოგიერთი მათგანი კი ამბობს: „ვიღაც ფირმა შემოვიდა და თავისი წესები დააკანონა“, „ჩვენი ნება არ ყოფილა, დილით მოვისმინეთ, რომ ყველა “მარშრუტკის” საფასური 80 თეთრი უნდა გახდეს,“  მძღოლების ნაწილს კი ამ საკითხზე საუბარი არ სურს.

მგზავრობის 50-თეთრიანი საფასური 80 თეთრამდე თავდაპირველად 17 ივლისს ნომერ 4 სამარშუტო ხაზზე გაძვირდა, სადაც ძველი მიკროავტობუსები მთლიანად ჩაანაცვლეს ახალმა, ყვითელი ფერის მიკროავტობუსებმა. ახალ ტრანსპორტში უკვე მოქმედებს ელექტრონული გადახდის სისტემა, რომლითაც მეორე ჯერზე სარგებლობისას მგზავრობის ღირებულება 65 თეთრია. რაც შეეხება დღეს გაძვირებულ მგზავრობას, აღნიშნულ ხაზებზე, ჩვეულებრივ, ძველი მიკროავტობუსები მოძრაობენ.

ჯერ კიდევ 17 ივლისს  „თბილისის მიკროავტობუსის“ პიარმენეჯერმა თეონა ნიორაძემ “ნეტგაზეთს” განუცხადა: „მგზავრობის ფასის გაზრდა გამოიწვია იმან, რომ ნავთობის საერთაშორისო ბაზართან მიმართებით ვარეგულირებთ  მგზავრობის ფასებს. ეს სისტემა მთლიანად ამ ლეგალურ სივრცეში მოექცა და უფრო კომფორტული, მოსახლეობისთვის უფრო უსაფრთხო მიკროავტობუსები შემოვიყვანეთ. შესაბამისად, ეს გაძვირება არ გამოდის. ეს შეეხება მხოლოდ 4 ნომერს, დანარჩენ ხაზებზე მგზავრობა არ გაძვირდება.

დღეს, 19 ივლისს კი, კითხვაზე,  რატომ გაძვირდა თბილისში მიკროავტობუსით მგზავრობა, თეონა ნიორაძე პასუხობს: „სამწუხაროდ,  მე კომენტარს ვერ გავაკეთებ, რადგან მძღოლებმა მგზავრობა თვითნებურად გააძვირეს. ეს ჩვენი კომპანიის მოთხოვნა არ ყოფილა. ერთადერთი, ჩვენ ვაკონტროლებთ მხოლოდ ნომერ 4 მიკროავტობუსებს.  მათ [სხვა მიკროავტობუსებს] ჰყავთ ხაზის მეპატრონეები და ისინი აკონტროლებენ.“

“თბილისში 300 ახალი სამარშრუტო ტაქსი შემოვა, ხოლო მგზავრობა არც ერთი თეთრით არ გაიზრდება,” – ეს სიტყვები თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის პირველ მოადგილეს, მამუკა ახვლედიანს ეკუთვნის, რომელიც მის მიერვე 2011 წლის 25 თებერვალს გავრცელებულ განცხადებაში წერია.

თბილისში მიკროავტობუსით მგზავრების გადაყვანის უფლება რამდენიმე თვის წინ ტენდერის შედეგად ოთხმა კომპანიამ მოიპოვა, რომლებსაც ახლა ერთი მენეჯმენტ კომპანია – „თბილისის მიკროავტობუსი“ – მართავს. აღნიშნული კომპანიის პიარმენეჯერმა თეონა ნიორაძემ “ნეტგაზეთს” განუცხადა, რომ მძღოლების „თვითნებურ ქმედებას“ „თბილისის მიკროავტობუსი“ როგორ უპასუხებს, ჯერ არ იცის.

„რაღაცას მოვიმოქმედებთ აუცილებლად. რა და როგორ იქნება, ვერ გეტყვით. მეც ველოდები, რომ რაღაც გავიგო,“ – ამბობს თეონა ნიორაძე.

მგზავრობის ღირებულების გაძვირებას მალევე გამოეხმაურა “რესპუბლიკური პარტიის” დედაქალაქის საქმეთა მდივანი და თბილისის საკრებულოს წევრი თინა ხიდაშელი.  ის მერიას მოუწოდებს, “დაინტერესდეს სამარშრუტო ტაქსების სფეროში შექმნილი განუკითხაობით,  კომპანიის საქმიანობით და სატენდერო პირობების დაღვევისთვის აუცილებელი ღონისძიებები გაატაროს.”

თინა ხიდაშელის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ასევე ნათქვამია: „მოვითხოვთ, ქალაქის ხელმძღვანელობამ უპასუხისმგებლო და არასწორი განცხადებების გავრცელების ნაცვლად, თბილისელებს მიაწოდოს სრული და მართალი ინფორმაცია დაგეგმილი გაძვირების, გრაფიკის, მისი მაქსიმალური ოდენობის და ვადების შესახებ. 

მიუხედავად მერიისა და კომპანიის წარმომდგენლების მტკიცებისა, რომ გაძვირება მხოლოდ #4 სამარშრუტო ხაზს შეეხებოდა, ჩვენ ამჯერადაც მართალი აღმოვჩნდით, როდესაც ისინი საზოგადოების შეცდომაში შეყვანაში დავადანაშაულეთ.“

„რესპუბლიკელების“ პრეტენზიებს დაუყოვნებლივ უპასუხა დედაქალაქის საკრებულოს წევრმა მმართველი გუნდიდან კოკი იონათამაშვილმა. მისი თქმით, დედაქალაქის მთავრობა ფასებს ვერ არეგულირებს, თუმცა სამარშუტო ტაქსის საფასურის თემა მათთვის [მთავრობისთვის] საკმაოდ მნიშვნელოვანია.

„აქედან გამომდინარე, ჩვენ გადავდგით რამდენიმე ნაბიჯი. მათ შირის პირველი გახლავთ საბარათე სისტემის შემოღება, რაც მის სისტემატურად მომხმარებელს გარკვეულ შეღავათებს შეუქმნის, ხოლო 100 ათასამდე რთულ სოციალურ პირობებში მყოფი ადამიანი კი მნიშვნელოვანი, 50%-იანი შეღავათით ისარგებლებს.

რაც შეეხება მუნიციპალურ ტრანსპორტს, რომლის ფასებს დედაქალაქის შესაბამისი სამსახურები არეგულირებენ, აქ არავითარი გაძვირება არ იგეგმება. სამარშრუტო ტაქსების შემთხვევაში, ჩვენი დიდი სურვილი იყო სერვისის გაუმჯობესება, რადგან არსებული “მარშრუტკები” ვერანაირ სტანდარტს ვეღარ აკმაყოფილებდნენ. ამან კი ცვლილებების აუცილებლობა ცხადყო”, – განაცხადა კოკი იონათამიშვილმა.

დეპუტატის თქმით, აღნიშნული საკითხით ის კომერციული ორგანიზაციები არიან დაკავებულნი, რომლებიც ამ ბაზარზე აბსოლუტურად ლეგალურ საქმიანობას ეწევიან და მგზავრობის საფასურს მერიის სახელზე შეტყობინების გაკეთების შემდეგ თვითონ აწესებენ.

“აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კომერციულმა კომპანიამ მერია საქმის კურსში უნდა ჩააყენოს და ამის შემდგომ, დარღვევების არარსებობის შემთხვევაში, მას ეძლევა შესაბამისი სანქცია. ასე რომ, აქ ყველაფერს კომერციული კომპანია წყვეტს.  ამ სფეროსთან დაკავშირებით ჩვენი მოვალეობა კი იმით შემოიფარგლება, რომ  ადამიანები უსაფრთხო და საკმაოდ თანამედროვე სერვისით უზრუნველვყოთ.  აქვე მინდა ისიც დავუმატო, რომ კომერციული ორგანიზაცია, ბუნებრივია, არ  არის დაინტერესებული მგზავრობის ტარიფის მაქსიმალური გაზრდით, ვინაიდან არსებობს ალტერნატიული საზოგადოებრივი ტრანსპორტი და მაღალი ფასების შემთხვევაში, სამარშრუტო ტაქსებს მგზავრების რაოდენობა შეუმცირდებათ”, – აღნიშნა კოკი იონათამიშვილმა.

ტენდრში გამარჯვებულმ კომპანიებმა თბილისში ამჟამად მოძრავი ძველი მიკროავტობუსები ახლებით უახლოეს ერთ წელიწადში სრულად უნდა ჩაანაცვლონ. ჯერჯერობით, დედაქალაქში მხოლოდ 36 ახალი მიკროავტობუსი მოძრაობს.

ამავე თემაზე:

შეუსრულებელი პირობა და გაძვირებული მგზავრობა

მასალების გადაბეჭდვის წესი