ახალი ამბები

აბაშიძე: შვილიშვილებს, როდესაც საბავშვო ბაღში მიდიან, ვეუბნები, ჭკვიანად მოიქცნენ

21 მარტი, 2016 • 1562
აბაშიძე: შვილიშვილებს, როდესაც საბავშვო ბაღში მიდიან, ვეუბნები, ჭკვიანად მოიქცნენ

“ძალიან მიკვირს თქვენგანაც. რატომ გაგიჩნდათ ასეთი აღქმა? ჩემი შვილიშვილები როდესაც საბავშვო ბაღში მიდიან, ვეუბნები, ჭკვიანად მოიქეცით. არასდროს უფიქრიათ მათ, რომ ამით ვეუბნები, წადით და დარიალის კარიბჭე ჩააბარეთ რუსეთს-მეთქი”, – ასე უპასუხა პრემიერის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობაში  ზურაბ აბაშიძემ “ნეტგაზეთის” შეკითხვას, თუ რას გულისხმობდა “ჭკვიანურად” მოქცევაში.

თუ ჭკვიანურად მოვიქცევით, არაფერი დაგვემუქრება“, – განაცხადა 18 მარტს პრაღიდან დაბრუნებულმა ზურაბ აბაშიძემ ჟურნალისტებთან.

პრაღაში აბაშიძე-კარასინის ფორმატის მხარეების 16 მარტის შეხვედრამდე, რუსეთის ფედერაციის წარმომადგენელმა, გრიგორი კარასინმა მედიასთან საუბარში საქართველოსთან ურთიერთობებზე განაცხადა, რომ ოფიციალური მოსკოვისთვის საქართველოს ხელისუფლების ანტირუსული რიტორიკა მიუღებელია და რომ “[რუსეთის] მოთმინებასაც აქვს საზღვარი”.

სწორედ ამ განცხადების შემდეგ, 18 მარტს  გააკეთა აბაშიძემ ზემოხსენებული კომენტარი “ჭკვიანურად მოქცევაზე”.

ნეტგაზეთის შეკითხვას, ზემოხსენებული კონტექსტი ნიშნავს თუ არა იმას, რომ “ჭკვიანურად მოქცევაში” რაღაცის დათმობა იგულისხმება, მაგალითად, კრემლის და რუსეთის პოლიტიკის კრიტიკის შესუსტება თბილისის მხრიდან, აბაშიძე აცხადებს:

“ჭკუით, გონივრულად მოქცევა რაღაცის დათმობას და ჩაბარებას რატომ ნიშნავს?! ჩვენი გონივრული მიდგომით ბოლო 3 წლის მანძილზე ძალიან სერიოზულ წარმატებებს მივაღწიეთ. ჩვენ წინ წავწიეთ ჩვენი პროგრამა, ჩვენი ევროპული პროექტი… ჭკუით, გონივრულად სვლის შედეგად მოხდა ეს. თუ ვიღაცას ასე მოსწონს, მაშინ ვიაროთ უჭკუოდ”, – ამბობს აბაშიძე.

აბაშიძე მის ზემოხსენებულ განცხადებას ნახევრად ხუმრობას უწოდებს და ამ კუთხით უკვირს პრეზიდენტის აღქმაც, რომელიც ამ საკითხს გუშინ გამოეხმაურა:

“ბატონ პრეზიდენტს კითხვა გაუჩდა ჩემ მიერ ნახევრად ხუმრობით, თუნდაც სერიოზულად, ჟურნალისტებისთვის გაცემულ პასუხზე, თუ როგორ უნდა მოვიქცეთ რუსეთთან მიმართებაში. როდესაც მე მათ ვუთხარი, რომ ჭკუით უნდა მოვიქცეთ… საინტერესოა, პოლიტიკაში ჭკუით მოქცევა როდის აქეთ გახდა საეჭვო ან ცუდი?! სულელური მოქცევის მოწმენი ჩვენ არაერთხელ ვყოფილვართ და სავალალო შედგებიც მიგვიღია”, – აცხადებს აბაშიძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი