ახალი ამბები

კარასინი საქართველოსთან შესაძლო კონფრონტაციაზე საუბრობს: ჩვენს მოთმინებასაც საზღვარი აქვს

16 მარტი, 2016 • 2211
კარასინი საქართველოსთან შესაძლო კონფრონტაციაზე საუბრობს: ჩვენს მოთმინებასაც საზღვარი აქვს

პრაღაში აბაშიძე-კარასინის ფორმატის მხარეების შეხვედრამდე, რუსეთის ფედერაციის წარმომადგენელმა, გრიგორი კარასინმა მედიასთან საუბარში საქართველოსთან ურთიერთობებზე განცხადება გააკეთა. კარასინი ამბობს, რომ ოფიციალური მოსკოვისთვის საქართველოს ხელისუფლების ანტირუსული რიტორიკა მიუღებელია.

“დღეს მთავარი საფრთხე საქართველოში საპარლამენტო არჩევნების მოახლოება და ცხადად მზარდი ანტირუსული რიტორიკაა, რომელიც ისმის თბილისში და საერთაშორისო პლატფორმებზე, ისმის საზოგადო მოღვაწეების მხრიდან, თუმცა ყველაზე საწყენი ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებში ისაა, რომ ასეთი განწყობები ოფიციალური პირებისგან, პოლიტიკოსებისგან, მინისტრებისგან და პრეზიდენტისგანაც კი ისმის. ჩვენ, ბუნებრივია, ამას ყურადღებას ვაქცევთ, თუმცა ვცდილობთ ყველა ჩხვლეტაზე არ ვუპასუხოთ, მაგრამ ჩვენთვის დასკვნებს ვაკეთებთ. ახლა გზაგასაყარზე ვართ, როდესაც არჩევანი უნდა გავაკეთოთ, ან კონფრონტაციას უნდა დავუბრუნდეთ, ან ეტაპობრივად უნდა დავუბრუნდეთ პატივისცემაზე დაფუძნებული ურთიერთობას და სწორედ ამ კონტექტსში გადავწყვიტოთ ორმხრივი საკითხები”, – აცხადებს კარასინი.

საქართველოს ხელისუფლების და კონკრეტულად მინისტრების რიტორიკაზე საუბრისას ის საქართველოს თავდაცვის მინისტრს ასახელებს.

“ყველა პოლიტიკოსს უნდა გაამახვილოს ყურადღება, რომ ისინი ყველაზე პატრიოტული და ხისტი მებრძოლები არიან რუსული ექსპანსიის წინააღმდეგ. თავდაცვის მინისტრმა მსოფლიოს მოუწოდა, რომ ცივილიზებული მსოფლიო უნდა გაერთიანდეს რუსული საფრთხის წინააღმდეგ. ნორმალურ საზოგადოებაში მსგავს განცხადებებს არ პატიობენ. ჩვენ თავს ვიკავებთ, მაგრამ ჩვენს მოთმინებასაც აქვს საზღვარი”.

აქვე რუსეთის მაღალჩინოსანი აცხადებს, რომ მოსკოვი თბილისთან ურთიერთობების დალაგების მოლოდინშია:

“ველოდებით იმ ნორმალურ ურთიერთობებს იმ ორი წლის შედეგიდან, რომელმაც კარგი შედეგები მოიტანა, ამთ შორის, ვიზების ლიბერალიზაციაზე, სავაჭრო, სატრანსპორტო ურთიერთობებში ჩვენ წინ უნდა წავიწიოთ. ყველა ამოცანას ერთბაშად ვერ გადავწყვეტთ, მაგრამ ეტაპობრივად უნდა მივიდეთ კონსტრუქციულ ურთიერთობებამდე. ალბათ, ჩვენი შეხვედრების მთავარი მიზანი ორმხრივი ურთიერთობების ფილოსოფიური მიდგომების ეტაპობრივი შეცვლაა. უფრო მეტი კონსტრუქციულობისა და ხალხთა შორის ურთიერთობების გაღრმავების მიმართულებით. რაღაც საკითხებში გვაქვს მიღწევები, შევძელით შედეგების მიღებაც. ურთიერთობა გამოვიდა კონფრონტაციის რეჟიმიდან, რაც სააკაშვილის პერიოდისთვის იყო დამახასიათებელი. ვცდილობთ მივაღწიოთ შედეგებს სხვა პრაქტიკული მიმართულებითაც”.

აბაშიძე-კარასინის მორიგი შეხვედრა პრაღაში დღეს, 16 მარტს დაიწყო.

საქართველომ რუსეთთან 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ დიპლომატიური ურთიერთობები შეწყვიტა. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერის სპეციალურ წარმომადგენლად ზურაბ აბაშიძე დაინიშნა.

მასალა ეყრდნობა ტელეკომპანია “იმედის” თარგმანს.

მასალების გადაბეჭდვის წესი