ახალი ამბები

პარლამენტის შემხვედრი ნაბიჯი სინოდის განჩინებას

12 ივლისი, 2011 • • 1025
პარლამენტის შემხვედრი ნაბიჯი სინოდის განჩინებას

დღეს,12 ივლისს, პარლამენტის ბიუროს სხდომაზე ცნობილი გახდა, რომ სამოქალაქო კოდექსში შესულ ცვლილებებს, რომლითაც რელიგიურ გაერთიანებებს საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დარეგისტრირების უფლება მიეცათ, განმარტებით ბარათი დაემატა.

„ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება“, – განაცხადა ლაშა თორდიამ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილების ერთ–ერთმა ავტორმა. მისივე თქმით, კანონზე განმარტებითი ბარათის დართვა  რეგლამენტით არ არის გათვალისწინებული.

„ეს იქნება თანმდევი დოკუმენტაცია იმისთვის, რომ თუ ამ საკითხთან დაკავშირებით დავა იქნება, გამოყენებული იყოს,როგორც იურიდიული დოკუმენტი. ვაზუსტებთ, რომ შემდეგ აღარ იყოს ინტერპრეტაციები და სპეკულაციები“, – აცხადებს თორდია.

კანონპროექტი აწესრიგებს მხოლოდ რელიგიური გაერთიანების უფლებას სახელმწიფოს მიერ დარეგისტრირდნენ, როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირები. შესაბამისად, კანონპროექტი სახელმწიფოს მხრიდან ქონებრივი ან რაიმე სხვა სახის ვალდებულებებს არ წარმოშობს – დაზუსტებულია განმარტებით ბარათში.

პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ ბიუროს სხდომაზე აღნიშნა, რომ სანამ არსებული პოლიტიკური ძალა ხელისუფლებაშია, მართლმადიდებლურ ეკლესიას განსაკუთრებული როლი და ადგილი საქართველოში ყოველთვის ექნება.

„რწმენის თავისუფლება არის ფუნდამენტური ღირებულება. პატივი უნდა ვცეთ ადამიანის რელიგიურ რწმენას, მაგრამ ამავე დროს ძირითადი რჩება მართლმადიდებლური ეკლესია და ეს ადგილი მისთვის იქნება გარანტირებული, სანამ ხელისუფლებაში ეს პოლიტიკური ძალა იქნება“,–აღნიშნა ბაქრაძემ ბიუროს დღევანდელ სხდომაზე.

გასული ერთი კვირის მანძილზე მართლმადიდებელი მრევლი აპროტესტებდა პარლამენტის მიერ მიღებულ კანონს, რომლითაც რელიგიური გაერთიანებებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსის დარეგისტრირების უფლება მიეცათ და ითხოვდა მის გაუქმებას. პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებდნენ პოლიტიკური პარტიები.

ბიუროს სხდომაზე თითქმის ყველა გამომსვლელმა აღნიშნა, რომ კანონთან დაკავშირებული საზოგადოების და პოლიტიკური პარტიების პროტესტი იყო ან კანონის შესახებ არაინფორმირებულობა, ან მიზანმიმართული სპეკულაცია.

“სამწუხაროა, რომ ამ ერთი კვირის მანძილზე ძალიან ბევრი არასწორი ინტერპრეტაცია მოვისმინე ამ კანონის და ძალიან ბევრი სპეკულაცია”, – განაცხადა გიგი წერეთელმა, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ. მან თქვა, რომ იმედი აქვს დღევანდელი დღის შემდეგ დისკუსიები აღარ გაგრძელდება.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქს და ასევე, წმინდა სინოდს საღი და გონივრული პოზიციისთვის.

“მისი უწმინდესობის და წმინდა სინოდის ეს პოზიცია იქნება კარგი მაგალითი მათთვის, ვისაც უნდა ყველა თემა  საკუთარი პოლიტიკური ინტერესისთვის გამოიყენოს”,–განაცხადა ბაქრაძემ.

გუშინ, 11 ივლისს, სინოდმა მრევლს სიმშვიდისკენ მოუწოდა. ხოლო საქართველოს ხელისუფლებას 5 ინიციატივით მიმართა.

სწორედ ამ ინიციატივების ერთგვარი გამოძახილი იყო დღევანდელ ბიუროს სხდომაზე მიღებული გადაწვეტილება, რომლის მიხედვითაც სამი კომისია შეიქმნება, რომელიც საპატრიარქოსთან ერთად იმუშავებს რამდენიმე მიმართულებით.

როგორც თორდიამ განაცხადა, წმინდა სინოდის განჩინებით, შეიქმნება კომისიები, უცხო ქვეყნებში ქართული ეკლესიების სტატუსთან დაკავშირებით.  შეიქმნება ცალკე კომისია, რომელიც იმსჯელებს კონსტიტუციური შეთანხმების ცალკეულ ნორმებთან დაკავშირებით და ასევე, კომისია საკულტო რელიგიურ ძეგლებთან დაკავშირებით.

“როდესაც საუბარია, რომ სახელმწიფო გადასცემს რელიგიურ საკულტო ნაგებობებს მართლმადიდებლურ ეკლესიას და ეს ასეც მოხდა და ეს არის გარანტირებული საკონსტიტუციო შეთანხმებით, ამავე დროს სახელმწიფო თანაპასუხისმგებელია ამ საკულტო ნაგებობების იმ ნაწილზე, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლიც არის, გარდა იმისა, რომ აქვს უზარმაზარი სულიერი დატვირთვა”, – განაცხადა დავით დარჩიაშვილმა, ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ბიუროს სხდომაზე.

კომისიებში, დავით ბაქრაძის ინიციატივით, პარლამენტის  როგორც უმცირესობის, ასევე უმრავლესობის წევრები შევლენ.

წმინდა სინოდის სხდომას, რომლის განჩინების მიხედვით, სინოდმა  ხელისუფლებას მოუწოდა  მომავალში რელიგიასთან დაკავშირებული კანონპროექტებისა და სხვა ანალოგიური საკითხების განხილვისას წინასწარი კონსულტაციები გაიმართოს საქართველოს საპატრიარქოსთან, ესწრებოდა ლაშა თორდია, საქართველოს პარლამენტის იურიდიული კომიტეტის წევრი.

მისი თქმით, სინოდის წევრებს მან დეტალურად განუმარტა სამოქალაქო კოდექსში შეტანილი ცვლილებები და კიდევ ერთხელ აუხსნა, რომ არავითარ ქონებრივ საკითხებს 5 ივლისს მიღებული ცვლილება არ დაარეგულირებს.

როგორც პარლამენტის ვიცე–სპიკერმა მიხეილ მაჭავარიანმა «ნეტგაზეთთან» საუბარში აღნიშნა, პარლამენტის წევრები კანონპროექტის პირველი მოსმენის შემდეგ არაერთხელ იყვნენ საპატრიარქოში. მათ შორის თავად მიხეილ მაჭავარიანი, ასევე, გიგი წერეთელი და პავლე კუბლაშვილი. მაჭავარიანმა არ დააზუსტა, თუ რა საკითხებს ეხებოდა შეხვედრები საპატრიარქოში.

„ყველა კითხვაზე, რომელიც დაგვისვეს, ვუპასუხეთ“,– აღნიშნა მაჭავარიანმა.

ამავე თემაზე:

სინოდის გადაწყვეტილება

სინოდის კრება და მართლმადიდებლების პროტესტი

ისევ რელიგიურ პატრიოტული აჟიოტაჟი

“რელიგიური საკითხების გადაწყვეტისას ხელისუფლება ცეცხლს ეთამაშება”

დავით პაიჭაძის განმარტება გამოტოვებულ გადაცემაზე

მართლმადიდებელი მღვდელი სომხების შესახებ

მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირების პოზიციები

ცვლილებების საბოლოო რედაქცია რელიგიურ გაერთიანებებზე

რას და რატომ აპროტესტებს მრევლი

ლოცვა საქართველოს ბოროტი ძალებისგან დასაცავად

მასალების გადაბეჭდვის წესი