მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდი მოუწოდებს სასულიერო პირებს და მრევლს სიმშვიდისკენ „ მიუხედავად მღელვარების მიზეზებისა, თავი შეიკავონ ყოველგვარი თვითნებური ქმედებებისგან და გააძლიერონ ლოცვა ერის ერთობისა და მშვიდობისათვის“
.საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა დღეს რამდენიმე საკითხი განიხილა, რომელთაგან პირველი პარლამენტის მიღებული გადაწყვეტილებაა სამოქალაქო კოდექსში ცვლილებების დამტკიცების შესახებ.
საპატრიაქროს სინოდის სხდომის ოქმის მიხედვით, სინოდის სხდომაზე გამოითქვა საერთო უკმაყოფილება იმასთან დაკავშირებით, რომ, მიუხედავად კონსტიტუციური შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებისა, კანონის მიღება მოხდა საქართველოს საპატრიარქოსთან და საზოგადოებასთან წინასწარი კონსულტაციების გარეშე, რაც საქართველოს ეკლესიის სასულიერო პირთა და მრავალრიცხოვანი მრევლის მღელვარების მიზეზი გახდა. ამ ვითარებასთან დაკავშირებით წმიდა სინოდმა იმსჯელა და დაადგინა:
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია საქართველოს კონსტიტუციის და საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ საყოველთაოდ აღიარებულ ნორმებზე დაყრდნობით აცხადებს, რომ საქართველოში მცხოვრები ყველა რელიგიური აღმსარებლობის ადამიანი, ისევე როგორც რელიგიური გაერთიანებები, თანასწორია კანონის წინაშე. რელიგიური აღმსარებლობების თავისუფლება არ არის დამოკიდებული იმაზე, თუ რომელ რელიგიურ გაერთიანებას ეკუთვნის საქართველოს ესა თუ ის მოქალაქე. საქართველოს კონსტიტუციითა და კონსტიტუციური შეთანხმებით, რომლებიც ქართველი ხალხის ნებას გამოხატავს, საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის განსაკუთრებული სამართლებრივი სტატუსი არ ზღუდავდა სხვა რელიგიურ გაერთიანებათა აღმსარებლობის თავისუფლებასა და კანონის წინაშე თანასწორობას.
2. მიემართოს საქართველოს ხელისუფლებას:
ა) მომავალში რელიგიასთან დაკავშირებული კანონპროექტებისა და სხვა ანალოგიური საკითხების განხილვისას წინასწარი კონსულტაციები გაიმართოს საქართველოს საპატრიარქოსთან, რათა, აღნიშნული თემის სიფაქიზიდან და სპეციფიურობიდან გამომდინარე, თავიდან იქნას აცილებული შესაძლო გართულებები.
ბ) დაიწყოს სამთავრობო მოლაპარაკებები ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ არსებულ საქართველოს საპატრიარქოს ეპარქიების სტატუსსა და ქონებრივ საკითხებთან დაკავშირებით.
გ) სახელმწიფომ გაააქტიუროს თავისი საქმიანობა საქართველოს ფარგლებს გარეთ არსებული ქართული ეროვნული და სულიერი კულტურის ძეგლების მოვლა-პატრონობასთან დაკავშირებით.
დ) საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობისა და ეკლესიის ავტოკეფალიის დაკარგვის შემდეგ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენამდე განხორციელებული რელიგიური პოლიტიკა და სხვა ქმედებები აღიარებულ იქნას უკანონოდ.
ე) შეიქმნას კომისია, რომელიც მონიტორინგს გაუწევს კონსტიტუციური შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებას.
წმიდა სინოდმა დღევანდელ კრებაზე წმინდანად შერაცხა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ანტონ II, რომელსაც ეწოდა ეწოდა „მრავალვნებული ანტონ II“ და მისი ხსენება დაწესდეს 21 დეკემბერს (ახალი სტილით 3 იანვარი).
ოქმის მიხედვით, წმიდა სინოდმა ასევე იმსჯელა სასულიერო პირთა მიერ ზნეობრივი ნორმების დარღვევის ფაქტებზე და გადაწყვიტა, რომ შეიქმნას ზნეობრივი ნორმების დარღვევათა შემსწავლელი კომისია (შემდეგი შემადგენლობით:1. სამთავისისა და გორის მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა) 2. გარდაბნისა და მარტყოფის ეპისკოპოსი იაკობი (იაკობიშვილი)
სხდომის თავმჯდომარეობდა ილია II, საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქი.





