ახალი ამბები

ვიდეოების გასავრცელებლად გადაცემის საქმეზე ბრალდებულებს წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ

16 მარტი, 2016 • 1168
ვიდეოების გასავრცელებლად გადაცემის საქმეზე ბრალდებულებს წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ

პირადი და ოჯახური საიდუმლოს ხელყოფაში ბრალდებულ ზურაბ ჯამალაშვილსა და ირაკლი ფხაკაძეს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ამის შესახებ ინფორმაციას “რუსთავი 2” ავრცელებს.  საქმე ეხება “ქრონიკა პლუსის” რედაქტორ ელისო კილაძისთვის მიტანილი ვიდეოჩანაწერის გავრცელებასა და მოპოვებაში ბრალდებულ პირებს.

პროკურორმა ლაშა კოტრიკაძემ სხდომის დახურვის შუამდგომლობა დააყენა. მისი აზრით, რახან პროცესზე პირადი ცხოვრების შემცველი ინფორმაცია უნდა განხილულიყო, ამა თუ იმ პირის იდენტიფიცირების საფრთხე არსებობდა. მოსამართლემ ეს შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

მოსამართლემ პატიმრობის გამოყენების შესახებ ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

დღესვე ამ საქმეზე თბილისის პროკურატურაში 3 საათის განმავლობაში კითხავდნენ ვასილ ჯამალაშვილს, რომელიც კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აიტი დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომელია. ვასილ ჯამალაშვილმა გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე მედიასთან დაკითხვის დეტალებზე არ ისაუბრა:

“მსგავს კონტენტთან მე წვდომა არასოდეს მქონია. ვერაფერს გეტყვით გამოძიებასთან დაკავშირებით.”

15 მარტს კომპიუტერული ტექნოლოგიების სპეციალისტმა, ვასილ ჯამალაშვილმა “ნეტგაზეთთან” საუბარში განაცხადა, რომ საქმესთან, რომლის ფარგლებშიც 15 მარტს მამამისი ზურაბ ჯამალაშვილი დააკავეს, არავითარი შეხება არ აქვს. როგორც ჯამალაშვილმა “ნეტგაზეთს” განუცხადა, იგი ამ საქმესთან დაკავშირებით არც არავის დაუკითხავს და არც პროკურატურაში დაუბარებია.

მასალების გადაბეჭდვის წესი