საზოგადოება

ვასილ ჯამალაშვილი ამბობს, რომ კადრების გავრცელების საქმეზე გამოძიება მისით არ დაინტერესებულა

15 მარტი, 2016 • 3725
ვასილ ჯამალაშვილი ამბობს, რომ კადრების გავრცელების საქმეზე გამოძიება მისით არ დაინტერესებულა

კომპიუტერული ტექნოლოგიების სპეციალისტი ვასილ ჯამალაშვილი “ნეტგაზეთთან” საუბარში აცხადებს, რომ საქმესთან, რომლის ფარგლებშიც 15 მარტს მამამისი ზურაბ ჯამალაშვილი დააკავეს, არავითარი შეხება არ აქვს. როგორც ჯამალაშვილმა “ნეტგაზეთს” განუცხადა, იგი ამ საქმესთან დაკავშირებით არც არავის დაუკითხავს და არც პროკურატურაში დაუბარებია.

ვასილ ჯამალაშვილი 2012 წლის ნოემბერში იყო დაკავებული კომპიუტერული ვირუსის შექმნისთვის, რომელიც პროკურატურის ცნობით, ფარული უკანონო თვალთვალისთვის გამოიყენებოდა, თუმცა განრიდების საფუძველზე გაათავისუფლეს.

ჯამალაშვილის ინფორმაციით, მისი მამა კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტში [კუდი] არ მუშაობდა. ამასთან, როგორც იგი “ნეტგაზეთთან” საუბარში აცხადებს, მამასთან ერთად არ ცხოვრობს, არა აქვს მასთან ახლო ურთიერთობა და მის საქმიანობასთან დაკავშირებით საქმის კურსში არ არის.

საქართველოს მთავარი პროკურატურის განცხადებით, “ზურაბ ჯამალაშვილი და ადვოკატი ირაკლი ფხალაძე დააკავეს  პირადი ცხოვრების ამსახველი უკანონო კადრების შენახვა–გავრცელების ბრალდებით და არა მათი ინტერნეტსივრცეში ატვირთვის ფაქტზე, როგორც ეს მედიასაშუალებებმა გააშუქეს”.

ეს ინფორმაცია პროკურატურამ 15 მარტს მას შემდეგ გაავრცელა, რაც გავრცელდა ინფორმაცია ჯამალაშვილისა და ფხალაძის დაკავებაზე.

“მათი დაკავებისა და საქმის გარემოებებთან დაკავშირებით საქართველოს პროკურატურა უახლოეს ხანში დეტალურ ინფორმაციას მიაწვდის საზოგადოებას. ამ ეტაპზე მიმდინარეობს საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები”, – ნათქვამია პროკურატურის 15 მარტს გავრცელებულ პრესრელიზში.

როგორც დაკავებულის ადვოკატმა გიორგი ფოფხაძემ “ნეტგაზეთს” 15 მარტს განუცხადა, ბრალი ისეა ფორმულირებული, რომ მისი აზრით, დაკავებულებს მხოლოდ ჟურნალისტ ელისო კილაძესთან, გაზეთ “ქრონიკა პლუსის” ოფისში მიტანილ მასალებზე ედავებიან.

ადვოკატი ამბობს, რომ პროკურტაურაში საქმის მასალები ჯერ არ გადაუციათ და დეტალების შესახებ ინფორმაციას არ ფლობს. ადვოკატის თქმით, ამ დროისთვის საქმეს გრიფი “საიდუმლო” არ ადევს.

“ბრალი წაუყენეს გუშინ. შესაბამისად, გუშინ მოხდა მისი დაკავება. ჩემთვის მათ დოკუმენტები არ გაუცვლიათ, ასე რომ, ინფორმაციას არ ვფლობ თავიდან ბოლომდე. ბრალი წაუყენეს სისხლი სამართლის კოდექსის 157-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისმხობს პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერის უკანონოდ მოპოვება/გავრცელებას. ბრალს არ აღიარებს”, – განაცხადა ზურაბ ჯამალაშვილის ადვოკატმა 15 მარტს.

მასალების გადაბეჭდვის წესი