16 მარტს, თბილისში, სპორტკომპლექს შატილზე გამართული შეხვედრის დასრულებამდე რამდენიმე წუთით ადრე, როცა გურჯაანელები ანგარიშით 1:0 იგებდნენ, მოედანზე შეჭრილ გულშემატკივრებსა და ორივე გუნდის ფეხბურთელებს შორის ჩხუბი დაიწყო, რის გამოც თამაშის გაგრძლელება შეუძლებელი გახდა. ინფრომაციას “რუსთავი 2” ავრცელებს.
ტელეკომპანიის ინფორმაციით, ჩხუბი მოედნის გარეთაც გაგრძელდა. ინციდენტის შედეგად ცივი იარაღით ორი ახალგაზრდა ფეხბურთელი დაიჭრა, რომლებიც მალევე გადაიყვანეს საავადმყოფოში. ფეხბურთელების მდგომარეობა ამჟამად დამაკმაყოფილებელია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ნეტგაზეთს განუცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს. კოდექსის მიხედვით, აღნიშნული ქმედება ისჯება გამასწორებელი სამუშაოთი ვადით თვრამეტ თვემდე ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე, ან ტუსაღობით ვადით სამ თვემდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.